იტვირთება...

კლასიკოსების ფარული მხატვრული პოლემიკა (ილია, აკაკი, ვაჟა)

ანთოლოგია *

6,707 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
საბას ნომინანტი
ანოტაცია
ძვირფასო მკითხველო! ამ წიგნში, მე და თქვენ, ერთობ საინტერესო მოვლენაზე – ილიასა და აკაკის ფარულ მხატვრულ პოლემიკაზე, მათი თხზულებების კონცეფციურ დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ. აკაკი წერეთლის თხზულებებში ვაჟა-ფშაველას მიმართაც შეინიშნება ფარული მეტოქეობის კვალი. ყოველივე ეს არც ზედაპირზე ჩანს და არც განსჯისა და განხილვის თემა გამხდარა ოდესმე. ახლა ჩვენ ერთად უნდა გამოვიკვლიოთ იგი. ამიტომ ეს წიგნი ლიტერატურულ დეტექტივსაც ემსგავსება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს იდუმალებით მოცულ კითხვებს: ვის პასუხობს აკაკი აფორიზმად ქცეული ფრაზით _"რაც არ იწვის, არ ანათებს"? აკაკის რომელ თხზულებებს უპირისპირდება კონცეფციურად ილიას `განდეგილი~და `ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი~? როგორ ეპაექრება აკაკი ვაჟას "ბაში-აჩუკით"? რამ მისცა ბიძგი "სულიკოს" შექმნას? ილიას რომელი თხზულების ლიტერატურული ვარიაციაა "გამზრდელი"? რატომ გამოაქვეყნა აკაკიმ ორი განსხვავებული მოთხრობა ერთი და იმავე სათაურით და სხვა. ასე რომ, ჩვენ, ჩემო მკითხველო, არაერთ საიდუმლოს ავხდით ფარდას, რაც, ვფიქრობ, საშუალებას მოგვცემს სხვაგვარად გავიაზროთ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურული სინამდვილე, ახალი შინაარსი ამოვიკითხოთ ჩვენი მწერლობის კლასიკურ ქმნილებებში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წინათქმა ლიტერატურული კლასიკა მუდმივად იძლევა სიახლის აღმოჩენისა თუ ამოკითხვის საშუალებას. ამ რანგისაა აკაკი წერეთლის: "გამზრდელი", "თორნიკე ერისთავი", "ბაში-აჩუკი", "სულიკო"... მათი ანალიზი და შეპირისპირება ილიასა და ვაჟას მხატვრულ თხზულებებთან, ერთი შეხედვით, უცნაური დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა: აკაკის არაერთ მხატვრულ ნაწარმოებს ღირსეული თანამოკალმეების ქმნილებებთან ("განდეგილი", "გლახის ნაამბობი", "ბახტრიონი"...) მეტოქეობის, ფარული მხატვრული პოლემიკის კვალი ატყვია. სიტყვაკაზმული მწერლობის ისტორია სავსეა ისეთი მაგალითებით, როცა ერთი მწერლის თხზულება სხვა მწერლის შთაგონების წყარო გამხდარა. ამას ხშირად შემოქმედებითი შეჯიბრის სახეც მიუღია. ამგვარი მოვლენა, ერთი ნაწარმოების მიმართება მეორესთან, ხან აშკარად არის გაცხადებული, ხან კი გაუცხადებელია და ამოკითხვა/ამოცნობა სჭირდება. პირველის (გაცხადებულის) ნიმუშია გავრილ დერჟავინის ლექსი "ძეგლი" და ალექსანდრ პუშკინის _ "ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი...". ორივე ბაძავს და ეჯიბრება ჰორაციუსის ოდას სათაურით _ "მელპომენესადმი"; ამავე დროს ორივე ავტორი მიგვანიშნებს თავისი ლექსის მიმართებაზე რომაელ პოეტთან. დერჟავინი პირველი პუბლიკაციის სათაურშივე აცხადებდა ამას (ლექსს თავიდან ერქვა "მუზას. ჰორაციუსის მიბაძვა"), ხოლო პუშკინმა მინიშნებისათვის ეპიგრაფი გამოიყენა. ასეთივე მაგალითია ჩვენი გრიგოლ ორბელიანის "სადღეგრძელო", რომლის სათაურში ავტორმა გარკვევით განაცხადა: "მიბაძვა ჟუკოვსკისა". განახლებული ქართული თეატრისათვის საგანგებოდ შექმნილი გიორგი ერისთავის "გაყრა" მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დიმიტრი ყიფიანს ათარგმნინა. ამ თარგმანის მიხედვით რუსმა მწერალმა ალექსეი პისემსკიმ დაწერა პიესა იმავე სახელწოდებით _ "Раздел" (გაყრა, გაყოფა). ეს ფაქტიც ღიად გაცხადებული მიბაძვის მაგალითია. გამოუცხადებელი მიმართების (შემოქმედებითი შეჯიბრების) ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ ედგარ პოს საყოველთაოდ ცნობილი ლექსი "ყორანი", რომლის იდეა ამერიკელმა პოეტმა აიღო თავისი მეგობრის ჰენრი ბეკ ჰირსტის ლექსიდან "ჭოტი", რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა და რამაც ძალიან გაანაწყენა ედგარ პოს მეგობარი. ნასესხები იდეის ბევრად უფრო მარჯვე ხორცშესხმით ედგარ პომ, საშუალო ღირსების ლექსიდან, შედევრი შექმნა. მსგავს მოვლენასთან, ერთგვარ გაჯიბრება-პოლემიკასთან, ხშირად გვაქვს საქმე აკაკი წერეთლის შემოქმედებაში. მისი არაერთი ქმნილება, როგორც ითქვა, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ცალკეული თხზულების მხატვრულ-აზრობრივი კონცეფციის, თემისა თუ მოტივის გადააზრებაა. შემოქმედებითი მეტოქეობის მხრივ "გამზრდელისა" და "სულიკოს" ავტორი გამონაკლისი არაა. ფარული მხატვრული პოლემიკის ინიციატორი, XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში, ისევე როგორც სხვა უამრავი პრაქტიკული თუ შემოქმედებითი წამოწყებისა ჩვენში, ილია ჭავჭავაძეა. ილიას "განდეგილი" კონცეფციური პასუხია აკაკის სიჭაბუკისდროინდელ პოემაზე _ "მეუდაბნოე". ოღონდ ორი დიდოსტატის მხატვრული პოლემიკა აქ არ მთავრდება. აკაკი იმავე მეთოდითა და საშუალებით (პოემით) დაუყონებლივ პასუხობს ილიას. "თორნიკე ერისთავში" საკმაოდ ვრცელი ადგილი უკავია თვალსაზრისს, რომელიც არსებითად უპირისპირდება "განდეგილის" იდეას. მერე სიჭარმაგეში შესულმა "თორნიკე ერისთავის" ავტორმა ლამის შემოქმედებით მეთოდად აქცია ილიასა და ვაჟას ცალკეული თხზულების მხატვრული კონცეფციის, თემისა თუ მოტივის გადააზრება. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას, ის არსებითად არ ებმება შემოქმედებით მეტოქეობაში უფროს თანამოკალმეებთან – ილიასა და აკაკისთან. ვაჟამ იმთავითვე განსხვავებული მხატვრული სამყარო მოიტანა ჩვენს ლიტერატურაში, .ყველასგან გამორჩეული და ერთფეროვნების ზღვაში ჩაძირვა ოდნავადაც არ ემუქრებოდა. რაც მთავარია, ვაჟა იმდენად მაღალი აზრისაა ილიასა და აკაკის საქვეყნო ღვაწლსა და საქვეყნო საზრუნავის მხატვრულ გამოსახვაზე, რომ არამცთუ უპირისპირდება, არამედ კვალში უდგას მათ. ამას ზოგჯერ საგანგებოდაც კი ცდილობს, ამიტომაც არ ერიდება უფროსი თანამოკალმეების თემატიკისა და პრობლემატიკის, მეტიც _ კონკრეტული პოეტური ხატების გამეორებას. ამ გზით, თითქოს, შემოქმედებით თანადგომას უმჟღავნებს უფროს კოლეგებს. ამიტომ ჩნდება ვაჟას შემოქმედებაში აკაკის "განთიადის" ვარიაცია, აკაკისეული ეროვნული სახე-სიმბოლოები თუ პარადიგმები – ნინო, თამარი და ქეთევანი, გნებავთ, მიჯაჭვული ამირანი, ასევე ილიას ოთარაანთ ქვრივის ცხოვრებისეული პროტოტიპი ფშაველი დედაკაცის, დარეჯანის სახით (მოთხრობა ფშავლების ცხოვრებიდამ _ "დარეჯანი"). ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი კლასიკოსების ლიტერატურული მეტოქეობა, რომელსაც ფარული მხატვრული პოლემიკა შეიძლება ეწოდოს, ქართული მწერლობის განვითარების სტიმულისმიმცემ ფაქტორად იქცა, რადგან ერთი მწერლის დაპირისპირება მეორესთან გარკვეულწილად, ამბივალენტურია, დაპირისპირების პარალელურად ლიტერატურულ ზემოქმედებასაც გულისხმობს. ამ შემთხვევაში ერთი შემოქმედი მეორისათვის ის საყრდენია, რომელიც ამ უკანასკნელს განსაკუთრებული მხატვრული შინაარსის შექმნისაკენ უბიძგებს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ხასიათის კვლევა-ძიებამ ახალი, ჯერაც უცნობი კუთხით წარმოაჩინა XIX საუკუნის ლიტერატურული პროცესი და საკუთრივ ჩვენი ლიტერატურული კლასიკა, რამაც, არ დავმალავ, ზოგჯერ აღმოჩენის სიხარულიც განმაცდევინა. მინდა ეს განცდა მკითხველსაც გადავდო და გავუზიარო. ჭეშმარიტი კლასიკური ქმნილება არ ბერდება. როგორც ითქვა, ის ყოველი თაობის მკითხველს აძლევს, როგორც ანალიზისა და განსჯის, ისე სიახლის აღმოჩენის საშუალებას. ეს თანაბრად ეხება, როგორც "განდეგილს", "გამზრდელს", "სულიკოსა" თუ "ბაში-აჩუკს", ისე იმ მხატვრულ ქმნილებებს, რომლებიც ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა მათი ავტორების შემოქმედებითი ფანტაზიისათვის, რათა წინამორბედთაგან განსხვავებული ახალი მხატვრული რეალობა შეექმნათ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-22-205-4
სათაური:
კლასიკოსების ფარული მხატვრული პოლემიკა (ილია, აკაკი, ვაჟა)
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
საბას პრემია:
ნომინანტი
გვერდები:
114
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
6707
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]