შესავალი - სამი ამბავი 2005 წლის ივნისის ერთ თბილ დღეს სტივ ჯობსი სიტყვით გამოვიდა თავის კოლეჯში სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. მილიარდერისა და Apple-ის შემქმნელის ვიზიტი არ ჰგავდა მორიგი ქათქათაპერანგიანი ბიზნესმენის სტუმრობას. ორმოცდაათი წლის წინ სწორედ ამ კოლეჯში მან ვერ დაძლია სასწავლო კურსი, ახლა კი ტექნოლოგიის მამა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანისათვის ცოცხალი ლეგენდა საუბრობდა.
ოციოდე წლის ჯობსმა მთელს მსოფლიოს წარუდგინა მის მიერ შექმნილი პირველი კომპიუტერი, რომელიც მაგიდაზე იდო და სხვადასხვა ოპერაციის შესრულების საშუალებას იძლეოდა. მოგვიანებით მის მიერ შექმნილი პატარა მუსიკალური ხელსაწყოთი, რომელსაც iPod-ი ერქვა და სიმღერების დიდ არჩევანს გვთავაზობდა, მუსიკალური რევოლუცია მოხდა. მანვე დააარსა და ფეხზე დააყენა კომპანია Pixar-ი, რომელიც აცოცხლებდა კომპიუტერულ ანიმაციებს – `სათამაშოების ისტორია~, `მანქანები~, `ნემოს ძიებაში~.
არც ინჟინერი იყო და არც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სამაგიეროდ, მუდამ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული, ერთმანეთის მიყოლებით ყველასთვის სასურველ, ყველასთვის მისაღები დიზაინის მქონე პროდუქტს ქმნიდა. იმ დღეს მისმა მსმენელებმა არ იცოდნენ, რომ ნოვატორი ისეთ დახვეწილ ტექნოლოგიურ პროდუქტზე მუშაობდა, როგორიც იყო iPhone, კომპიუტერის ყველა ფუნქციას მომხმარებლის ხელისგულზე რომ დატევდა.
ოთხი შვილის მამას ხშირად ადარებდნენ გამომგონებელ ტომას ედისონსა და ავტომაგნატ ჰენრი ფორდს. მათაც ხელმისაწვდომ ფასად შექმნეს ისეთი რამ, რამაც ამერიკელთა ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა.
მის ცხოვრებაში წარმატებებს ბევრი მარცხიც ახლდა. ოცდაათი წლის ასაკში Apple-ში უფლებამოსილება შეუწყვიტეს, რადგან მეტად დესტრუქციულ და რთულ პიროვნებად მიიჩნიეს. მან მალევე დააარსა სხვა კომპიუტერული კომპანია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ინვესტორთა ფულიც გაფანტა.
არაორდინარულიც იყო, უხეშად მიმართავდა თანამოაზრეებს, კონკურენტებს და რეპორტიორებს. ყვიროდა მაშინ, როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა. სხვების იდეების მითვისებასაც აბრალებდნენ. ამ დროს მომხიბვლელიც იყო, დახვეწილიც, მგრძნობიარეც, ძუნწიც.
მისი ცხოვრების მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი წააგავდა ზღაპარს: დაპირებები, რომანტიზმი, სიმდიდრე... სხვა მხრივ კი, საძაგელი, არეული და ტკბილი ოჯახური გარემოსაგან მეტად დაშორებული ყოველდღიური ყოფა ჰქონდა. უყვარდათ და სძულდათ, ეთაყვანებოდნენ და უგულვებელყოფდნენ. შოუმენი, ხელოვანი, ტირანი, გენიოსი, ეგოისტი – ამ შეუსაბამო სიტყვებით ახასიათებდნენ.
ცერემონიალისთვის საგანგებოდ მომზადებულ სცენაზე ლურჯ ჯინსსა და სანდლებში გამოწყობილი იდგა. მიკროფონთან მივიდა, რომ ჩვეულ სტილში, მგზნებარედ და დიდი გატაცებით ესაუბრა. მოკლე სიტყვა უნდა ეთქვა ოცდასამი ათასი სტუდენტის, მათი მშობლების და მეგობრების წინაშე. საჯაროდ საუბრობდა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ.
„ მსურს, ჩემი ცხოვრებიდან სამი ამბავი მოგიყვეთ “ – დაიწყო მან.
არც მეტი, არც ნაკლები, სამად სამი ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება განსაზღვრა, ახალგაზრდებისათვის კი მისაბაძ მაგალითად იქცა. ვინ იყო სტივ ჯობსი და რა გზა განვლო, ამის გასაგებად საჭიროა, სწორედ ეს სამი ამბავი ვიცოდეთ.