I
- ათინას გამოცხადება გვიამბე, მუზავ, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი, ვინც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროას წმინდა ციხესიმაგრე დააქცია; ვინც მრავალი ქალაქი მოვლო და შეიცნო მათი ზნენი; ვინც დიდხანს იტანჯა ზღვის ზურგზე და დიდი განსაცდელი გადაიტანა; ვისაც ძალ-ღონე არ დაუშურებია საკუთარი თავისა და თანამგზავრების გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს გახდა, - უგუნურებმა თვითონვე დაიღუპეს თავი, შეჭამეს რა ჰიპერიონი ჰელიოსის ძროხები, რისთვისაც დაბრუნების დღე დაუბნელა მათ მაღლით მოარულმა ღმერთმა. ჩვენც გვიამბე და მოგვასმინე მათი ამბავი, ჰე, ქალღმერთო, ასულო ზევსისა!
ყველა დანარჩენი, ომსა და ზღვის ღელვას განრიდებულნი, მშობლიურ ჭერქვეშ ნეტარებდნენ უკვე. მარტოოდენ ოდისევსს, სამშობლოსა და მეუღლის მონატრულს, ღრმა მღვიმეში აკავებდა მისი ქმრობის მოწადინე თმამშვენიერი ნიმფა კალიფსო. ხოლო წელთა შემოქცევით რა დადგა ჟამი, რომელიც ღმერთებმა განუჩინეს ითაკაში დასაბრუნებლად, - თუმც საკუთარ სახლში, მახლობელთა შორისაც ვერ გაექცა განსაცდელს, - შეწყალებულ იქნა ყველა ღმერთის მიერ. პოსეიდონიღა მძვინვარებდა ღვთაებრივი ოდისევსის მიმართ, ვიდრე მშობლიურ კუნძულს მიაღწევდა იგი.
მიწისმრყეველი პოსეიდონი იმხანად ეთიოპიელთა შორეულ ქვეყანას იყო წასული (რომელთაგან ზოგი მზის დასავალ მხარეში ცხოვრობს, ზოგი მზის აღმოსავალ მხარეს), რათა მისთვის მსხვერპლად შეწირული ხარებისა და ცხვრების ჰეკატომბა მიეღო. იქ ლხინს ეძლეოდა იგი, ხოლო სხვა ღმერთებს ოლიმპოზე, ზევსის დარბაზში მოეყარათ თავი. ასე დაიწყო, მას ჟამსა შინა კაცთა და ღმერთთა მამამ, რა გაიხსენა განთქმული ეგისთე, რომელიც აგამემნონის ძემ, სახელოვანმა ორესტემ მოაკვდინა. გაიხსენა და უკვდავთ ასეთი სიტყვა უთხრა:
- ვაგლახ! როგორ გვამტყუნებენ კაცნი, თითქოს ჩვენ ვიყოთ ყოველგვარი ბოროტების სათავე! ნამდვილად ხომ თავიანთი უმეცრების გამო ატყდებათ თავს ხვედრით არმიგებული უბედურება. განა განგების წინააღმდეგ არ წაჰგვარა ეგისთემ ატრევსის ძეს კანონიერი მეუღლე და არ მოკლა შინ დაბრუნებული? აკი წინასწარ უგრძნობდა გული, რომ სამაგიერო მიეზღვებოდა? ხომ გავაფრთხილეთ მალემსრბოლი ჰერმესის პირით, ნუ მოკლავ აგამემნონს, ნუ ითხოვ მის ცოლს, თორემ დავაჟკაცებული ორესტე აიღებს მამის სისხლს, როგორც კი მიტაცებული ხელმწიფების დაბრუნებას განიზრახავსო. ვერ დაიყოლია კეთილი რჩევით ჰერმესმა ეგისთე და, აჰა, აწ ერთბაშად მიეზღო ყველაფრისთვის!
ასე უპასუხა ზევსს თვალსხივოსანმა ათინამ:
- მძლეთა მძლევარო ჩვენო მამავ, კრონოსის მემკვიდრევ! ასეც მოხდა: სწრაფადვე მიეგო მას შური. ამასვე მოიმკის ყველა, ვინც ამგვარსავე საქმეს ჩაიდენს. მაგრამ ახლა ჭირნახული ოდისევსის ამბავი მიკლავს გულს. ის უბედური, მეგობრებსა და მახლობლებს მოშორებული, ტყით დაბურულ კუნძულზე იტანჯება. იქ, სადაც ზღვის ჭიპია. იმ კუნძულზე ცხოვრობს ქალღმერთი, ასული ზღვათა სიღრმეების მცოდნე ვერაგი ატლანტისა (რომელსაც მხრებით უჭირავს დედამიწიდან ცამდე აღმართული სვეტები). სწორედ ამ ატლანტის ასულია, თვალთმაქცური სინაზითა და დაპირებებით რომ ხიბლავს მჭმუნვარე ოდისევსს, რათა დაავიწყოს მშობლიური ითაკა. ხოლო მას სანატრელად ისღა დარჩენია, ერთხელ მაინც მოჰკრას თვალი სამშობლო მიწიდან ადენილ კვამლს და მერე თუნდაც მოკვდეს. ოლიმპოელო, ნუთუ გულს არ მოიბრუნებ მასზე? განა შენ არ გწირავდა მსხვერპლს ვრცელ ტროაში არგოსელთა ხომალდებთან? გულისწყრომით რადა ხარ აღვსილი, მეუფეო, ოდისევსის მიმართ.
ღრუბელთ მეუფე ზევსმა ასე მიუგო თვალსხივოსან ათინას:
- ეს რა დასცდა შენს კბილთა ზღუდეს, ასულო ჩემო? როგორ დავივიწყებდი მე ოდისევსს, მოკვდავთა შორის უჭკვიანესს, ვისაც უხვად შეუწირავს მსხვერპლი ცათა შორის მობინადრე უკვდავი ღმერთებისთვის! მაგრამ მიწისმრყეველი პოსეიდონი მრისხანებს მასზე. შენც კარგად იცი, თვალი რომ დაუვსო ოდისევსმა ღმერთთა სწორ პოლიფემს, რომელიც ღრმა გამოქვაბულში უშვა პოსეიდონს ნიმფა თოოსამ, უნაყოფო ზღვათა ბატონის, ფორკინის ასულმა. მას აქეთ, თუმცა არ დაუღუპავს მიწისმრყეველს ოდისევსი, უგზო-უკვლოდ ახეტიალებს ზღვის ზურგზე და სამშობლოში არ უშვებს. მოდი, განვსაჯოთ, როგორ დავაბრუნოთ შინ ოდისევსი. ხოლო პოსეიდონმა დაიცხროს გულისწყრომა: უკადრისია, ყველა უკვდავის ნებას აღუდგეს და თავისი გაიტანოს.
ასე მიუგო ზევსს თვალსხივოსანმა ათინამ:
- ო, მძლეთა მძლევარო, ჩვენო მამავ, კრონოსის ძეო! უკეთუ ნამდვილად სურთ ნეტარ ღმერთებს, თავის სახლს დაუბრუნდეს მრავალტანჯული ოდისევსი, მაცნედ არგუსის მკვლელი ჰერმესი გავგზავნოთ კუნძულ ოგიგიაზე, რომ სასწრაფოდ ამცნოს ჩვენი მტკიცე ნება თმამშვენიერ ნიმფას. მე კი ითაკისკენ გავსწევ. მის ძეს, ტელემაქეს, გულს ავუნთებ და გავამხნევებ. ვურჩევ, შესაკრებელთან მოუხმოს ხშირთმიან აქაველებს და ოდისევსის ხვასტაგის ხოცვა, მრუდეფეხებიანი და რქადაგრეხილი ძროხების დაკვლა აუკრძალოს მოძალებულ სასიძოებს. სპარტასა და ქვიშიან პილოსში გავგზავნი ტელემაქეს, მამის დაბრუნების კეთილი ამბისა ვინძლო რაიმე შეიტყოს და თავადაც სახელოვანთა შორის სახელი მოიხვეჭოს.
თქვა ეს და ფეხი შეიმოსა ოქროს უცვეთელი ხამლით. იგი ნიავქარივით დააქროლებდა ქალღმერთს ზღვასა და უკიდეგანო დედამიწაზე. ხელთ იპყრა მძიმე შუბი, სპილენძისბუნიკიანი, რომლითაც მამაცთა წყობას თრგუნავდა ხოლმე