შესავალი მეორე ასწლეულია გრძელდება სამეწარმეო კომპანიების მესაკუთრეთა, მენეჯერთა და თანამშრომელთა გამუდმებული მცდელობა, სრულყონ საკუთარ ორგანიზაციათა საქმიანობის მაჩვენებლები. ჩვენს დროში ბიზნესის გლობალიზებამ დამატებითი ბიძგი მისცა ამ პროცესს. პირველ რიგში საკუთარი მფლობელების — აქციონერების წინაშე პასუხისმგებელი წამყვანი კორპორაციები, ტოვებენ სამშობლოს და საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ქვეყნებში გადააქვთ. გარემოსდაცვითი დაბალი მოთხოვნები, იაფი და დამყოლი მუშახელი, რომელიც მზადაა სრულად და უყოყმანოდ მიეცეს სამუშაოს, იმ მთავარ გარემოებებს შორისაა, რომლებიც მათ ამისკენ უბიძგებს. იმ ქვეყნების მეწარმეები კი, რომელთა ბიზნესს წარსულში გეოგრაფიული სიშორე და ეკონომიკური საზღვრები იცავდა უცხოელთა კონკურენციისგან, იძულებული ხდებიან სწრაფად და ეფექტიანად გადააწყონ საკუთარი საქმის ორგანიზება, რათა გლობალიზებით შექმნილმა ახალმა ვითარებამ არ იმსხვერპლოს ისინი.
აღნიშნულს შეიძლება მოჰყვეს დღევანდელი სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის უდიდესი ნაწილის დაპყრობა იაფი მუშახელის მქონე ქვეყნების მიერ, ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ვარდნა განვითარებულ ქვეყნებში (Ross, 2015). ამის მომყოლ სოციალურ კატაკლიზმებს განვითარებული ქვეყანა მხოლოდ მაშინ ასცდება, თუ შესძლებს, საკუთარი უმაღლესი წარმადობის და პროდუქციის ხარისხის ხარჯზე, ბიზნესის პროდუქტიულობის წინსწრების შენარჩუნებას განვითარებად ქვეყნებთან შედარებით (Schwab, 2016).
ამ მოსაზრების სრულმა გაზიარებამ როგორც მეწარმეების, ისე პროფკავშირების მიერ გასული საუკუნის 1980-1990 წლებში ბიძგი მისცა ბიზნესის ორგანიზებაში ცვლილებების პირველ მიზანმიმართულ ტალღას, ხარისხის გაუმჯობესების პროგრამების სახით. ნაწარმში წუნის აღმოფხვრის და მისი ხარისხის მუდმივი ამაღლების წინაპირობას ეს პროგრამები შემსრულებლების მიერ საკუთარი დავალებების უნაკლო შესრულებასა და პროდუქციაში დეფექტების ე.წ. "ნულოვან დონეზე" შენარჩუნებაში ხედავდნენ.
სამწუხაროდ ასეთი პროგრამების ამოქმედებას მხოლოდ ლოკალური ოპტიმიზებისკენ მივყევართ ორგანიზაციის შიგნით და იშვიათად — ბიზნესის საერთო შედეგებიანობის ამაღლებისკენ. აღნიშნულის მთავარი მიზეზია ყურადღების კონცენტრირება ცალკეული ამოცანების უნაკლო შესრულებაზე და არა ბიზნესის საერთო მიზნებზე. ამასთანავე, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი პროგრამები ბიზნესის მხოლოდ საწარმოო დარგებში "მუშაობდნენ" კარგად. ამიტომ, მალევე დაიბადა ბიზნესის ორგანიზაციული გაუმჯობესებების მეორე ტალღაც, რომლის ერთ-ერთი მიზანია დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალის მუშაობის ხარისხიანობის აყვანა საწარმოო სფეროში უკვე მიღწეულ დონემდე — "ერთი დეფექტი მილიონ ნაკეთობაზე".
თავდაპირველად ამ მიზნის მიღწევას მართვაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო დანერგვის მეშვეობით შეეცადნენ, მაგრამ მცდელობა საკმარისად შედეგიანი არ აღმოჩნდა: არაეფექტურად ორგანიზებული პროცესების ავტომატიზება მხოლოდ ამატებდა შეცდომებს, მათი გამორიცხვის სანაცვლოდ. ამიტომ, განვითარდა ბიზნესპროცესების გაუმჯობესების (Business Process Improvement) ახალი კონცეფცია, რომელიც ორგანიზაციული ცვლილებების სამიზნედ ბიზნესპროცესების მწარმოებლურობის, ეფექტიანობისა და ადაპტირებადობის ამაღლებას სახავდა. ამ კონცეფციის თანახმად, ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებას მასში მიმდინარე პროცესების და გარე სამყაროსთან ურთიერთობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის ანალიზის მეშვეობით უნდა აღწევდეს. შედეგად, უნდა დაისახოს და გატარდეს ცვლილებები, რომელთაც საქმიანობის მაჩვენებლების მკვეთრი და სწრაფი ამაღლება თან სდევს.
აღნიშნული კონცეფციის გავრცელებას მალევე მოჰყვა ბიზნესსისტემების გაუმჯობესების მიდგომის გავრცელება, რომელიც ცალკეულ ბიზნესპროცესებს საკვანძო ოპერაციულ სისტემებში ინტეგრირებულად განიხილავდა. მის განვითარებაში სადღეისოდ ორი მიდგომა გამოიკვეთა: 1. შეცდომების თავიდან აცილების სისტემების შექმნა-გამოყენება; 2. ბიზნესსისტემების გაუმჯობესება, ბიზნესპროცესების მოდერნიზების და მოქმედების შესაბამისი მენეჯმენტის მეშვეობით.
ტიპურ ბიზნესსისტემებს შორის, რომელთა გადაფასებას, მოდერნიზებასა და გაუმჯობესებას აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებით ცდილობენ, შეიძლება გამოიყოს შემდეგი:
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები;
გარემოს დაცვის სისტემები;
ფინანსების მართვის სისტემები;
ფასიანი ქაღალდების პორტფელების მართვის სისტემები;
პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სისტემები;
უსაფრთხოების სისტემები;
ინფორმაციული სისტემები;
პროექტების მართვის სისტემები.
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Standardization, ISO) მიერ უკვე შემუშავებულია ასეთი სისტემებისადმი მინიმალურად წასაყენებელი მოთხოვნების სტანდარტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის მსურველ სამეწარმეო ორგანიზაციებისთვის. მოვლენებმა, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა იქონია ოცდამეერთე საუკუნის ინდუსტრიულ სამყაროზე ე.წ. dot-com კომპანიების[1] ბუმის დასრულებამ, მეწარმეობის გლობალიზებამ, აუტსორსინგის[2] ფართო გავრცელებამ, რეგულაციებისა და სტანდარტების გამკაცრებამ, ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის და ბიოინჟინერიის პროდუქტების მომრავლებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ბიზნესპროცესების გაუმჯობესების და მენეჯმენტის აუცილებლობა.
როგორც ორგანიზაციული, ისე ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მიდევნება ბიზნესის მოწყობასა და მართვაში კარგა ხანია რაც კონკურენტულობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად გადაიქცა. ლონდონის ეკონომიკური სკოლის (London School of Economics) მიერ ამერიკულ საკონსულტაციო ფირმა McKinsey Company-სთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიებში, რომლებშიც ბიზნესპროცესების სრულყოფა რეგულარულად მიმდინარეობს და ამასთან მათ მართვას სათანადო ტექნოლოგიათა გამოყენებით ახორციელებენ, შესაბამისი ინვესტიციებისგან საშუალოდ 20%-ანი უკუგების მიღებას აღწევენ. გაუმჯობესების მცდელობას მარტო ბიზნესპროცესების ცვლილების ხარჯზე, ტექნოლოგიური ნოვაციების გამოყენების გარეშე, ამ მაჩვენებლის მკვეთრი, 8%-მდე შემცირება მოჰყვებოდა. ხოლო იქ, სადაც მუშაობის გაუმჯობესების პოტენციალს მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებში ხედავდნენ და არ ზრუნავდნენ ბიზნესპროცესების სრულყოფაზე, საშუალოდ 2%-ან უკუგებას სჯერდებოდნენ (Conger, 2011).
საკუთარი სრულყოფის შესაძლებლობების