წინასიტყვაობა სადი უძღვნის სულთანის მეუღლეს შერაას
თვალთა მომხიბვლელო, ტანჯვავ გულისავ, ბრწყინვალებავ გონებისავ, ღირსი არა ვარ შენთა ფერხთა ნატერფალთა კოცნისა; შენ მხოლოდ ფიანდაზსა და ირანის ხალებზე დასდიხარ.
გიძღვნი ამ ნათარგმნს წიგნს ძველად-ძველის ბრძენისას, რომელიც იმდენად ბედნიერი იყო, რომ უსაქმოდ სცხოვრობდა, და რომელმაც გულის გასართობელად დასწერა ეს მოთხრობა ზადიგისა. ნაწერი ესე უფრო მეტად დამაფიქრებელია, ვიდრე კაცსა ჰგონია. გთხოვ წაიკითხო და განარკვიო, განარკვიო ისე, როგორც რიგი და წესია. თუმცა ცხოვრების გაზაფხულს ატარებ, თუმცა მერმისში ბევრი სიამოვნება და სიხარული მოგელის, თუმცა მეტად ტურფა და ნიჭიერი ხარ, თუმცა დილიდგან საღამომდე ქება-დიდების მეტი არა გესმის-რა, თუმცა შეიძლება, რომ შენს მდგომარეობაში მყოფს ადამიანს საღი ჭკუა არა ჰქონდეს, შენი გონება მაინც განმსჯელი და განვითარებულია, გემოვნება - გახსნილი, და შენი სჯა-კი, როგორც გამიგონია, უფრო უკეთესია და საფუძვლიანი, ვიდრე სჯა მოხუც, გრძელ-წვერა და წოწოლა-ქუდიან დავრიშთა. შენ ფრთხილი ხარ და ამასთან გულ-მინდობილი, კეთილი ხარ და სუსტი-კი არა, სათნო ხარ, ხოლო გარჩევით იცი სათნოების გამოჩენა. მითქმა-მოთქმა არ გიყვარს, ცილს არავის სწამებ და ბოროტს უფრთხი, თუმცა ადვილად შეგიძლიან ბოროტის ქმნა.
დასასრულ, შენი სული ისეთივე სპეტაკი მგონია, როგორიც სიტურფეა. გულში გიფარია პაწია განძი ფილოსოფიისა და ამან უფრო მაფიქრებინა, რომ ამ თხზულების წაკითხვით შენ უფრო მეტს ისიამოვნებ, ვიდრე სხვა ვინმე.
იგი დაწერილი იყო ძველს ქალდეურს ენაზედ, რომელიც არც შენ გესმის და არც მე. გადასთარგმნეს არაბულად გამოჩენილის სულთანის ულუგ-ბების გასართობლადა და გულის გადასაყოლიებლად. ეს ამბავი სწორეთ იმ დროს იყო, როცა არაბნი და სპარსნი „ ათასსა და ერთს ღამესა “ და „ ათასსა და ერთს დრესა “ სწერდნენ.
ულუგი ზადიგის კითხვას ამჯობინებდა ყველაფერს, ხოლო სულთანის მეუღლენი უფრო „ ათასისა და ერთის ღამით “ ერთობოდნენ.
„ ამ წიგნს უშინაარსო და უაზრო არაკებს როგორ არჩევთო? “ ჰკითხავდა ულუგი.
- იმიტომ, რომ გვიყვარსო “ , უპასუხებდნენ.
იმედი მაქვს, რომ შენ იმათებურად არ განსჯი და უფრო ულუგს დაემსგავსები. იმის იმედიც მაქვს, რომ, როცა ეს საზოგადო, „ ათასისა და ერთის დღის “ მსგავსი, ხოლო არა იმასებრ სასაცილო, ბაასი თავს მოგაბეზრებს, თავისუფალს დროს ვიპოვნი, რომ იმაზედაც მოგელაპარაკო.
შენ რომ Thalestris-ი იყო ფილიპეს შვილის ალექსანდრეს დროისა, საბთა დედოფალი რომ იყო სოლომანის დროისა, მაშინ, შენ-კი არ წახვიდოდი იმათთან, თვით მეფენი მოვიდოდნენ შენ სანახავად.
ზეციერ ძალთა ვსთხოვ, რომ მხიარულება შენი იყოს უზადო, სილამაზე შენი - საუკუნო, ბედნიერება - დაუსრულებელი.
სადი