I. მეწამული - ერთი გზის ბილეთით გიორგი ლობჟანიძეს
ერთი გზის ბილეთით წავედი,
ამბოხის, ხმაურის, ქადილის გარეშე,
არც წყარო წამიბილწავს, არც ხიდი დამიწვავს,
უსიტყვოდ წავედი,
ისევე უბრალოდ, როგორც წიგნებიდან მიდიან გმირები
ქვე ანდა ზე სკნელში,
და მუდამ იციან, ეს მათი ხვედრია და კითხვებს არ სვამენ.
ვფიქრობდი, უკან აღარ დავბრუნდები
და გადანახული მოგონებებიდან
ყველა ძვირფასი სახელი წავშალე,
ახლა იქ ლაქად ჩანს საპირველმაისო თეთრი გეტრები
და ბებოს სათონე, ახალგამომცხვარი შოთების სურნელით
და იქვე ბებიაც, ფქვილით და წლებით გადათეთრებეული.
ლაქად ჩანს მამაჩემის საზამთროს ბაღები და პაპის ვენახი.
ცალმხრივი ბილეთით წავედი.
ვინმემ ეს იქნება გაქცევად ჩათვალოს,
იფიქრონ: მარტოქალის ცხოვრება ვერ ვზიდე,
ეჭვებმა შემიპყრო,
ვეღარ გავუმკლავდი მომდგარ სიღარიბეს
ან სიყვარულში ხელი მომეცარა,
ან ბოლო მომიღო თავგადასავლებმა.
ჭორებს ხომ წასულებს ზურგში ადევნებენ,
მაგრამ ხმამაღლა კი არავინ გაბედავს,
თქვას,
თითქოს მუდამ ნიშანს ვაყურადებთ,
რაღაცას ფრთხილად ჩავსაფრებივართ,
და რომ ეს ზოგჯერ გზაც არის ხოლმე,
გზა შორს მიმავალი და გაურკვეველი,
გზა საკუთარი თავიდან გამსვლელი,
როცა პასუხებს აღარც ითხოვ, აღარც იძლევი,
როცა არაფერს არ ეყრდნობი, მხოლოდ მიდიხარ
და სულერთია, როდემდე ან სადამდე ივლი.