მოლოდინი ცირკი გაუფრთხილებლად მოდის.
მის გამოჩენას არაფერი მოასწავებს, არავითარი მინიშნება ქალაქის ცენტრში გაკრულ განცხადებებსა და სარეკლამო დაფებზე. ადგილობრივ გაზეთებში მისი ხსენებაც კი არ არის. ის უბრალოდ იქ ჩნდება, სადაც წინა დღეს საერთოდ არ ყოფილა.
ცისკენ აზიდული კარვები შავ და თეთრ ზოლებშია გაწყობილი, ოქროსფრის ან ჟოლოსფრის ნატამალიც კი არსად ჩანს. იქვე მდგარი ხეებისა და მდელოზე მობიბინე ბალახის გარდა, ირგვლივ ყველაფერი უფერულია. შავ-თეთრი ზოლები რუხ ცაზეა გაწოლილი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის კარვებს გარედან რკინის მოჩუქურთმებული ღობე უფერო სამყაროს შუაგულში აქცევს. მიწის ის ვიწრო ზოლიც კი, რაც გარედან მოჩანს საღებავით, ფხვნილით ან რომელიმე საცირკო ხრიკით შავად და თეთრადაა დაფერილი.
მაგრამ ცირკი არ მუშაობს. ჯერ არა.
სულ მალე ქალაქში ცირკის ჩამოსვლის შესახებ ყველა იგებს. ნაშუადღევს ხმები რამდენიმე ახლომდებარე ქალაქამდეც აღწევს. ახალი ამბის ზეპირად გავრცელება უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ნებისმიერი ნაბეჭდი ტექსტი და ძახილის ნიშნები ბროშურებსა და პოსტერებზე. იდუმალი ცირკის მოულოდნელი გამოჩენა შთამბეჭდავი და უჩვეულო სიახლეა. ცადაწვდენილი უმაღლესი კარვების შემხედვარე ხალხი გაოცებას ვერ მალავს. ყველა გალავნის შიგნით მდგარ, სიტყვებით რთულად აღსაწერ საათს მისჩერებია.
ჭიშკარზე მიმაგრებულ შავ აბრაზე თეთრი ასოებით წერია:
"იღება მწუხრის ჟამს
იკეტება ალიონზე"
– რომელი ცირკი იღება მხოლოდ ღამით? – კითხულობს ხალხი. პასუხი არავის აქვს, მაგრამ შებინდებისას მაყურებელთა შთამბეჭდავი რაოდენობა ცირკის კარიბჭესთან მაინც გროვდება.
რა თქმა უნდა, შენც მათ შორის ხარ. ცნობისმოყვარეობამ გძლია, რადგან ცნობისმოყვარეობას სწორედ ამგვარი ზნე სჭირს. შენ დღის მინავლებულ ნათელში დგახარ, საღამოს გრილი სიოსგან დასაცავად კისერზე კაშნე გაქვს მოხვეული და იცდი, რათა საკუთარი თვალით ნახო ცირკი, რომლის კარიც მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ იღება.
ჭიშკარს მიღმა ბილეთების ჯიხური ურდულით არის დაკეტილი. კარვები უძრავად დგას, მხოლოდ იშვიათად თუ შეარხევს ქარი. ერთადერთი, რაც მთელ ცირკში მოძრაობს, გალავნის მიღმა მდგარი საათია, რომელიც წუთების სვლას წიკწიკით ითვლის, თუმცა ცოტა რთულია ხელოვნების ასეთ დიდებულ ნიმუშს უბრალოდ საათი უწოდო.
ცირკი თითქოს მიტოვებული და ცარიელია. თუმცა შეიძლება საღამოს სიოში, შემოდგომის ფოთლების სუფთა სურნელს მიღმა, კარამელის არომატიც იგრძნო, სიტკბოს შეუმჩნეველი ამბორი სიცივის კიდეებზე.
მზე ჰორიზონტს მიღმა ბოლომდე იმალება, მკრთალი სხივები კი ნელ-ნელა ბინდში ინთქმება. შენ გარშემო ლოდინისგან დაღლილი ხალხი ცქმუტავს, მოუსვენარი ფეხების ზღვა ირხევა, ამ წამოწყების მიტოვებასა და საღამოს გასატარებლად უფრო თბილი ადგილის მოძებნაზე ჩურჩულებენ. შენც ორჭოფობ, და სწორედ ამ დროს რაღაც ხდება.
თავდაპირველად ქარისა და ხალხის ზუზუნში ძლივს გასაგონი ტკაცანი ისმის. რბილი ხმიანობა, თითქოს სადაცაა ჩაიდანი ადუღდებაო. მერე ნათელი მოჰყვება.
კარვების გარშემო პატარ-პატარა სინათლეები იწყებს ციმციმს, თითქოს ცირკი მთლიანად გასაოცრად მოკაშკაშე ციცინათელებითაა სავსე. მათი დანახვისთანავე მომლოდინე ბრბო ყუჩდება. ამ სანახაობაზე ვიღაც გვერდით მდგომს გაოცებისგან სუნთქვა შეეკვრება. პატარა ბავშვი მხიარულად შემოჰკრავს ტაშს.
როდესაც კარვები ბოლომდე აბრდღვიალდებიან და ღამის ცის ფონზე იწყებენ ბრჭყვიალს, წარწერაც ჩნდება.
რკინის ღობის თავზე შემოვლებულ ხვეულებში ციცინათელების მსგავსი უფრო მეტი სინათლე ცოცხლდება და ბოლომდე გაკაშკაშებისთანავე სკდება, რასაც პატარა თეთრი ნაპერწკლები და ცოტაოდენი კვამლი მოსდევს. ჭიშკართან ყველაზე ახლოს მდგომნი ერთი ნაბიჯით უკან იხევენ.
ერთი შეხედვით, სინათლეები ალალბედზეა მიმოფანტული, თუმცა რაც უფრო მეტი სინათლე ინთება, ნათელი ხდება, რომ ისინი ხელნაწერ ასოებად ლაგდება. ჯერ მხოლოდ "ჩ" გაირჩევა, რომელსაც დანარჩენი ასოებიც მოჰყვება. ოდნავ გასაოცრად "ქ" მოჩანს და კიდევ რამდენიმე "ე". უკანასკნელი სინათლეც ინთება, კვამლი და ნაპერწკლები იფანტება და, საბოლოოდ, ამ ნატიფი, თვალისმომჭრელი სიტყვების წაკითხვაც შესაძლებელი ხდება. ოდნავ მარცხნივ იხრები, რათა უკეთესად დაინახო წარწერა:
Le Cirque des Rêves
შეკრებილთა შორის ზოგიერთი მცოდნე გამომეტყველებით იღიმება, ნაცნობი სიტყვების დანახვისთანავე სახეზე ღიმილი ეფინება, დანარჩენები კი შუბლს იჭმუხნიან და გვერდზე მდგომთ კითხვით აღსავსე თვალებით მისჩერებიან. იქვე, ახლოს, ბავშვი დედას სახელოზე ექაჩება და ემუდარება, უთხრას, რას ნიშნავს ეს წარწერა.
– "ოცნებების ცირკი", – ისმის პასუხი, ბედნიერი გოგონა კი იღიმება.
შემდეგ რკინის ჭიშკარი ძაგძაგით იღება, როგორც ჩანს, ასეთია მათი ნება. კარის ფრთები გარეთაა გამოშლილი და ხალხს შიგნით ეპატიჟება.
ახლა ცირკი ღიაა.
ახლა შეგიძლიათ შებრძანდეთ.