იტვირთება...

რეგვენების შეთქმულება

ჯონ კენედი ტული

182 ნახვა
0
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ჯონ კენედი ტულის უკვდავი რომანის, რეგვენების შეთქმულება, პირველი ქართული თარ­გმანი. მე-20 საუკუნის დონ კიხოტის თავგადასავალი ახალ ორლენაში (ლუიზიანა) გამო­ირჩევა თავისებური იუმორით და სატირით, რომელიც, სერვანტესის შედევრის მსგავსად, განმსჭვალულია ავტორის მხრიდან თავისი პერსონაჟებისადმი უზომო სიყვარულით. სწორედ ეს, გარდა ბევრსი სხვა დადებითი მხარისა, გამოარჩევს ამ ჰუმანურობით აღსავსე და, ამავე დროს, “კბენია” სარკაზმით განმსჭვალულ ნაწარმოებს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რა უნდა იცოდეთ წაკითხვამდე. წიგნს, რომლის კითხვასაც თქვენ ახლა დაიწყებთ, უცნაური ბედი აქვს. ერთი გამომცემლობის მიერ 1966 წელს უარყოფილმა "უვარგისმა" ხელნაწერმა თოთხმეტი წლის შემდეგ პულიცერის პრემია მოიპოვა მხატვრულ ლიტერატურაში. თავად ავტორმა გამომცემლობის უარის შემდეგ მხოლოდ სამ წელიწადს იცოცხლა, ყველაფერზე უარი თქვა და შავი კაეშნით შეპყრობილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როცა ჯონ კენედი ტულის რომანს "რეგვენების შეთქმულებას" ახსენებენ, ორი თანამდევი აჩრდილი მუდმივად წამოადგება ხოლმე ტექსტს თავზე – რობერტ გოტლიბისა და უოქერ პერსის. ასე იქნება ყოველთვის, რადგანაც "რეგვენების შეთქმულების" ტექსტისმიღმითი (თავის დროზე) დრამა თუ ტრაგედია, დიდი ხანია, ტექსტის ნაწილად იქცა. დღეს ტულის წაკითხვა ყველაზე ხშირად "ორი შემფასებლის შესახებ ამბით" იწყება – გოტლიბისა, რომელმაც ტულს "რეგვენების შეთქმულება" დაუწუნა და მწერალი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, და პერსისა, რომელმაც ავტორის გარდაცვალებიდან თერთმეტი წლის შემდეგ სამუდამო სიცოცხლე აჩუქა ტულსაც და მის რეგვენებსაც. ასეა – რომ არა გენიალური "რეგვენების შეთქმულება", არც გოტლიბისა დ არც პერსის სახელები არ შემორჩებოდა ისტორიას. სამი წლის წინ სწორედ ამ ამბით გამაცნო ტული მწერალმა, მთარ-გმნელმა და იმავდროულად ჩემმა მეგობარმა ირაკლი ბერიძემ, შემდეგ კი წიგნი მაჩუქა, ორიგინალური ვერსია, ახალორლეანულ კილოკავზე დაწერილი. ვგონებ, ამ არაჩვეულებრივი საჩუქრის მიზეზი იყო ჩემი ლტოლვა დიდ ლიტერატურაში აღწერილი "ფსკერული მაღალფარდოვნების" (როგორც სოციალური ენის ნაირსახეობის) მიმართ, კომიკურსა და ტრაგიკულს შორის გამავალი იმ უწვრილესი უფსკრულის მიმართ, რომელსაც ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილების გამოწვევა შეუძლია მკითხველში. თუმცა ნამდვილი საჩუქარი თუ აღმოჩენა წინ მელოდა – ტულის წიგნის ქართული თარგმანი, რომელიც თავად ირაკლიმ შეასრულა, მე კი რედაქტორის ძალიან პასუხსაგები მისია მხვდა წილად. ...ჯონ კენედი ტული თავის საბედისწერო რომანს "რეგვენების შეთქმულება" 1962-63 წლებში წერდა. სწორედ იმ წლებში, როცა იგი, უკვე მაგისტრის ხარისხის მფლობელი და ერთი ხელნაწერის, "ნეონის ბიბლიის", ავტორი ("ნეონის ბიბლიის" წერა ტულმა 16 წლის ასაკში დაიწყო), შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა ინგლისურის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად პუერტო-რიკოელი ახალწვეულებისთვის. ალბათ, ზედმეტად ბევრი საკუთარი თავი ჩადო პერსონაჟში – ეგნატე რაილიში; ალბათ, ზედმეტად გულღიად თქვა, რომ ადამიანებს სიყვარულის ნაკლებობა კლავთ; ალბათ, მისთვის ასე ახლობელი "აბსურდის კომედიურობა" სრულიად გულგრილ და სიახლის შეგრძნების უქონელ ადამიანებს მიანდო – ტულისთვის "რეგვენების შეთქმულების" გამოქვეყნებისთვის ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა, – ყოველგვარი მეტაფორების გარეშე. სამ წელიწადზე მეტხანს არწმუნებდა ტული გამომცემლობა "საიმონ ენდ შუსტერის" რედაქტორს, რობერტ გოტლიბს, რომ "რეგვენების შეთქმულება" გამოქვეყნებას იმსახურებდა. სავარაუდოდ, გოტლიბი თავიდან უწონებდა მწერალს ხელნაწერს, რადგან სამი წლის განმავლობაში ტულმა ძალიან ბევრი შესწორება შეიტანა პირვანდელ ტექსტში, რასაც – ასევე სავარაუდოდ – რედაქტორის მითითებებით აკეთებდა. ეს კი იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ტულმა საბოლოო უარი არ მიიღო გამომცემლობისგან. ჩვეულებრივი უარი კი არა – ფაქტობრივად, განაჩენი. 1969 წლის 26 მარტს ტულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – იგი ავტომანქანაში იპოვეს, გამონაბოლქვისგან გაგუდული. ალბათ, რამდენიმე სიტყვა გოტლიბების დასაცავადაც უნდა ითქვას. და დაცვა, ამ შემთხვევაში, არა თანაგრძნობა, არამედ მათი მოტივაციის ახსნა იქნებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიდრე 60-იანი წლების შუა პერიოდამდე ამერიკაში მართლა ახალი ლიტერატურა დაიბადა. ეს "დაბადება" (ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ) არ იყო ერთჯერადი პროცესი, ამ ტალღის ყოველ ახალ სახელს და ყოველ ახალ ნაწარმოებს მიკროკოსმოსი მოჰქონდა თან. ამ დროისთვის ამერიკულმა ლიტერატურამ "სამხრეთული აღორძინებაც გადაიტანა", რომელიც უორენისა და ფოლკნერის სახელებს უკავშირდება. რ. პ. უორენმა პროფესიონალი ფსიქოლოგის ცოდნით გამოიკვლია ძალაუფლებისკენ მსწრაფველი სამხრეთელი ტიპაჟი რომანში All the King’s Men და კენტუკის შესახებ სამი მნიშვნელოვანი რომანი შექმნა – უკანასკნელი ამ ტრილოგიიდან "გამოქვაბული", სწორედ 60-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა (1959). ამ დროისათვის ამერიკულ ლიტერატურას უკვე ჰყავდა ქალაქელი "ჰეკლბერი ფინი", სელინჯერის ბიჭუნა რომანიდან "თამაში ჭვავის ყანაში" (1951), იმავე სელინჯერისგან იცოდა ე. წ. სალაპარაკო ენის, ანუ ქალაქური მეტყველების, ყველა ელფერი, ჰიპერტექსტსა და ჰიპერრეალობას კი იგი აპდაიკის "კენტავრიდან" სწავლობდა... ტულის ხელნაწერში კი რა დახვდებოდათ გოტლიბებს? დახვდებოდათ მთავარი გმირი, რომლის შეყვარებაც თავად ავტორსაც კი უჭირდა – ახირებული კაცი კუჭის ზემგრძნობიარე სარქველითა და ნერვული შეტევის მომასწავებელი თეთრბუშტუკებიანი გამონაყარით ხელებზე; მდაბიო, კოსმეტიკის ზედმეტად მოყვარულ დედაზე მანიაკალურად მიჯაჭვული ოცდაათი წლის გოლიათი, წინააღმდეგობებით სავსე ყოფილი კოლეჯის ბიჭი, მონარქიის მომხრე, მშრომელი კაცის ქომაგი, ბარბითზე დამკვრელი, გეომეტრიისა და ღვთისმეტყველების მოტრფიალე, ნაკლებად ცნობილი წმინდანებისთვის მფარველობის შემთხოვი, – ერთი სიტყვით, სრული ქაოსი. მთავარი გმირი ცხოვრობდა იმგვარ გარემოში, რომელშიც მასა და მის ირგვლივ სამყაროს ერთმანეთი არ უყვარდათ. სწორედ ეს უსიყვარულობა აჯაჭვავდა მათ ერთმანეთს ვუაიერისტის ვნებით – ტულის გმირი არ ეცლებოდა ამ სამყაროს, პირიქით, ეგნატე რაილი უცნაური ჟინით ეტანებოდა, უცქერდა და ჭვრეტდა ყველაფერს, რასაც მისი რისხვა უნდა გამოეწვია – საბავშვო შოუებს, რათა მსახიობ ბავშვებში ზნეობის გახრწნა და მცირეწლოვანების მეძაობის წახალისება ამოეკითხა, არ აცდენდა არცერთ ფილმს ახალი ორლეანის კინოთეატრში, რათა ყოველ ჯერზე დარწმუნებულიყო, რამდენად უნიჭოდ ირჯებოდნენ მსახიობები და რაოდენ დიდი ზნედაცემულობა სუფევდა კინემატოგრაფში; დედას დაწვრილებით ეკითხებოდა მისი ახალშეძენილი მეგობრების შესახებ, ბოულინგის კლუბში გამართული თავყრილობების შესახებ, რათა ყოველ ჯერზე დიდაქტიკური ლექცია წაეკითხა მისთვის კარგი ტონისა და კეთილშობილი მანერების შესახებ... გარემოსთვის არაკომფორტული, უხერხული ადამიანი, რომლის მსოფლმხედველობრივ გაქანებაზე კი თუნდაც მისი "სამშვიდობო" თეორია მეტყველებს, რომლის მიხედვითაც არმიაში ყველა პასუხსაგებ თანამდებობაზე გეი-ოფიცრები უნდა დაენიშნათ; ეს უკანასკნელნი კი მხოლოდ ზეიმებსა და მეჯლისებზე იფიქრებდნენ და საომრად ვეღარავინ მოიცლიდა. გოტლიბებს დახვდებოდათ ახალი ორლეანის ფრანგული მასკარადის ღირსი სხვა პერსონაჟები, რომელთა იერარქიას იმდროინდელი ლიტერატურათმცოდნეობა ვერ ჩაწვდებოდა. ტულის რომანს არ ჰყავდა მეორეხარისხოვანი პერსონაჟები – თითოეულ მათგანს ჰქონდა "საკუთარი ტერიტორია რომანში", სადაც ის მთავარი გმირი ხდებოდა. ეს იყო სრული რღვევა დამკვიდრებული წესრიგის – პერსონაჟების იერარქიის, ფუნქციების, თხრობის კლიშირებული სტრუქტურების, რომელიც იმდროინდელ ამერიკულ ლიტერატურულ კრიტიკას ასაზრდოებდა. დახვდებოდათ ჰეფი ენდი, უცნაური ბედნიერი დასასრული, რომელიც უფრო ახალი აბსურდის, ახალი ყირამალას დასაწყისის შეგრძნებას აღვიძებდა, ვიდრე დასასრულისა. "მოწყალების საავადმყოფოსთვის" განწირული ეგნატეს დასახსნელად მირნა მინკოფი გამოცხადდა ნიუ იორკიდან, ეგნატეს ყოფილი სატრფო თუ მეგობარი, მისი ალტერ ეგო, ვიზავი, რომლის წინააღმდეგ შურისძიებაც ასაზრდოებდა ეგნატეს ყველა პროექტსა თუ თავგადასავალს. ამ საბოლოო შეხვედრამდე ეგნატესაც და მირნასაც ყველა სოციალური ექსპერიმენტი ჩაუვარდათ, ყველგან ხელი მოეცარათ, ვერავინ გაუგო მათ, რადგანაც ყველგან უვარგისი ადამიანური მასალით დაიწყეს ბრძოლა. რომანის ფინალში კი ნამდვილად იმას მიაგნეს, რასაც ეძებდნენ – ერთმანეთს. ე. წ. ჰეფი ენდით ეგნატე დედა რაილის ორბიტიდან ძალადობის ახალ ორბიტაზე ინაცვლებდა – მირნას აღვირახსნილ ექსპერიმენტებში... ...ტულის სიკვდილის შემდეგ დედამისმა თითქმის ჯვაროსნული ომი დაიწყო შვილის აღიარების მოსაპოვებლად. იცოდა, რომ ის ერთადერთი გაცვეთილი, გაქონილი ეგზემპლარი, შვილის სიკვდილის შემდეგ რომ დარჩა, მისი ვაჟის გენიალური ქმნილება იყო. დედა ხელნაწერის ასლებს "კაპიროვკის" ქაღალდით იღებდა; ათი წლის განმავლობაში მას არ დაუტოვებია ნიუ იორკის არცერთი საგამომცემლო სახლი, რომლებისთვის "რეგვენების შეთქმულება" არ შეეთავაზებინა. როგორც მისის ტული იხსენებს, სულ მცირე რვა გამომცემლობამ უკან დაუბრუნა ხელნაწერი. 1976 წელს მწერლის დედამ შემთხვევით შეიტყო, რომ ლოიოლას უნივერსიტეტში სემინარს ცნობილი რომანისტი და რედაქტორი უოქერ პერსი მართავდა. ტულის დედამ პერსისაც ის უთხრა, რასაც სხვებს ეუბნებოდა მანამდე – რომ მას ხელთ გენიალური ქმნილება ეპყრა და უმორჩილესად სთხოვდა ბატონ პერსის მის წაკითხვას. უოქერ პერსიმ სხვა თვალით შეხედა კოსმეტიკის ჭარბად მომხმარებელ დედას, თითქოს დაიჯერა მისი შვილის გენიალურობა – მოხდა ის, რასაც ეგნატე რაილი თავის ჩანაწერებში "ბედენას ბედნიერ წრებრუნვას მიაწერდა"... მოგვიანებით მწერალი ასე იხსენებდა "შეთქმულების“ კითხვის პროცესს: პირველად ეწყინა კიდეც, რომ ტექსტი იმდენად ცუდი არ იყო, რომ იმწუთშივე გადაეგდო, მოგვიანებით ინტერესმა გაიღვიძა, ინტერესი უნდობლობის მაგვარმა გრძნობამ შეცვალა – შეუძლებელი რამ ხდებოდა, დაუჯერებელი რამ – მას ხელში სრულიად განსაკუთრებული წიგნი ეჭირა. პერსიმ ლუიზიანას უნივერსიტეტის გამომცემლობას მიმართა, 1980 წელს რომანი გამოქვეყნდა, და უმალვე დაიმსახურა აღტაცებული შეფასებები. რეგვნები მაგარ ყდაში, რეგვნები რბილ ყდაში – გაყიდვებმა მილიონობით ეგზემპლარი შეადგინა. 1981 წელს რომანმა პულიცერის პრემია მიიღო. ტულის ქართულ ენაზე მთარგმნელს თავზე სტიქიურ უბედურებასავით დაატყდა ის, რომ ავტორი ინგლისური ენის პროფესორი იყო, თანაც ახალორლეანელი, და თანაც, ალბათ, სულ ცვალებად გუნებაზე მყოფი. ვისაც ტულის წიგნი ინგლისურად წაუკითხავს, მან იცის, მეტყველებების რა ჭრელ კონგლომერატთან ექნებოდა საქმე მთარგმნელს; ხოლო ვისაც "შეთქმულება" რუსულად წაუკითხავს, ის დაგვემოწმება, რომ რუსმა მთარგმნელებმა სწორედ პერსონაჟების იდიოლექტებზე წაიბორძიკეს, თუმცა უჩინარი რიფები თავად ავტორის სტილშიც უხვად იყო – ის შემთხვევა, როცა გრამატიკულად ყველაფერი სწორია, მაგრამ გრძელი წინადადებების ნაწილებს შორის ბმის დაუსრულებელი ექსპერიმენტები გღლის და აღქმას გიჩლუნგებს... ირაკლი ბერიძე ტულს ამერიკული სამხრეთის ზედმიწევნითი ცოდნით, იდიოლექტების გამომგონებლის გასაოცარი უნარით და კიდევ აბსოლუტური სმენით შეეგება. ტულის ენა არა მარტო ქაღალდზე – ანუ წერილობითი ვერსიით – უნდა გაქართულებულიყო, არამედ პერსონაჟებს ზეპირი ჟღერადობაც არ უნდა დაეკარგათ. მაგალითად, ავტოსადგურის ტუალეტში უსაგნო ყურყუტის გამო გაციებული, ცხვირიდან და ბრონქებიდან ლორწომდინარე პატრულის ოფიცერ მანკუზოს იმავე ბგერებით უნდა ედუდღუნა ქართულად, რა ბგერებითაც მას ტული ამეტყველებდა დედანში. ახლა, როცა თქვენ ამ წიგნის კითხვას იწყებთ, ჩვენ მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ ყველა ბარიერი დაძლეულია. ეს თარგმანი თვით ეგნატე რაილის მოეწონებოდა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-0060-3
სათაური:
რეგვენების შეთქმულება
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
მთარგმნელი:
ირაკლი ბერიძე
გვერდები:
340
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
182
რეიტინგი:
0
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
0
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]