იტვირთება...

კოლიმგრაფი

ელგუჯა თავბერიძე

10,070 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.5
ყიდვა
ჩუქება
საბას ლაურეატი
ანოტაცია
ძალზე საშური და აუცილებელია ქართული გულაგიანას შესწავლა-გააზრება. საამისოდ კი გვევალება რაც შეიძლება ღრმად და ყოველმხრივ ვერკვეოდეთ თვითონ გულაგის არსში, რათა ფონი სრულყოფილად წარმოჩნდეს, ამ ფონზე კი ხელშესახებად გამოიკვეთოს ქართული ნაკადის თავისებურებანიც და ღირსებანიც. და თუ ვინმე გამოგვადგება მეგზურად გულაგის ჯოჯოხეთურ შრეებში ჩასახედად, ერთი უპირველესთაგანი _ ვარლამ შალამოვი, თავისი ტრაგიკული თავგადასავალი და გამოცდილება დიდ ლიტერატურად რომ აქცია. იგი არამარტო რუსული მწერლობის კუთვნილებაა, არამედ ჩვენი ლიტერატურისაც, რადგანაც თამაზ ნატროშვილის მიერ ქართულად ამეტყველებული კოლიმური მოთხრობები სწორედაც ჩვენი მწერლობის სრულფასოვან ნაწილად იქცა და ძალდაუტანებლად მოითხოვს შეფასებასაც და ამ მიმართულებით საფუძვლიანი კვლევის წარმართვასაც. ელგუჯა თავბერიძის მონოგრაფიული ნაშრომი „კოლიმგრაფი“ სწორედაც საფუძვლიანი, ღრმა კვლევის ნიმუშია, თანაც ისეთი ფსიქოლოგიური ჩაღრმავებითა და სტილური ექსპრესიით შესრულებული, რომ, გარდა ანალიტიკური დანიშნულებისა, თავისთავადი დოკუმენტური მოთხრობის შთაბეჭდილებასაც იწვევს და ქართული გულაგიანას სრულუფლებიანი მონაწილეც ამიტომ ხდება. დაე, ეს მონოგრაფიული თხზულება აღმოჩნდეს პირველბიძგიც ქართული გულაგიანასადმი მიძღვნილი ნაშრომების სერიისა _ იმ საშური და აუცილებელი წამოწყების.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
კაცი წვერის პარსვისას სარკეში იხედება, ერთ-ერთი ჩვენს შორის ჩამშვებია, ეუბნება იქიდან მოცქირალს. მოგონებებში იხსენებს ამ ანეკდოტს ვარლამ შალამოვი იმის საილუსტრაციოდ, რომ 30-იან წლებში ადამიანები არათუ სხვას, საკუთარ თავსაც ნაკლებად ენდობოდნენ. ქვეყანაში დამკვიდრებული მასობრივი გაუტანლობისა და უნდობლობის ატმოსფეროში, ძნელი იყო რაიმეს თქმა, მითუმეტეს დაწერა, რამეთუ უთქმელი და დაუწერელი (ბაგეს დაუცდენელიო, _ წერს შალამოვი) შენია, ნათქვამ-დაწერილიც შეიძლება ასევე დარჩეს, მაგრამ სხვა თუ გაიგონებს და წაიკითხავს, ეშმაკმა უწყის, როგორ აღიქვამს და შეაფასებს. კოლიმაზე უფროსობა ლექსებს არ ანადგურებდა, პირიქით, ინახავდა, რომ ყველაზე ბოროტი განზრახვისათვის გამოეყენებინათ, თუმცა ე.წ. „მშრალი აბანოს“ ანუ საგულდაგულო ჩხრეკისას არც არავისთვის უპოვიათ პოეზიის ნიმუშები. რეცეპტის ფურცელზე ვწერდი, მაგრამ მალევე ვანადგურებდიო, _ გვეუბნება ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სტადუხინისაგან მე-17 საუკუნეში აღმოჩენილ კოლიმაზე ეტაპირებული ვარლამ შალამოვი. კოლიმის ათვისებისა და ამ საქმეში პატიმართა შრომის გამოყენების იდეა ნიკოლაი ბერზინს ეკუთვნოდა. იგი ადრე ძერჟინსკის მდივანი, მერე ლატვიის მსროლელთა დივიზიის უფროსი იყო. მან ააშენა ქალაქი ვიშერსკი და ციხე ამავე ქალაქში. 1932 წელს მთავრობას კოლიმის ათვისების გეგმა წარუდგინა. ბერზინმა ძერჟინსკის მდივნობისას დაიჭირა ინგლისის ელჩი ლოკარტი, მერე ლიტვინოვში რომ გაცვალეს. ვიშერსკში ბერზინს ყოველ დილით ჩვეულებრივად შეკაზმულ, იშვიათად ეტლში შებმულ ცხენს მოართმევდნენ. უნაგირზე ხელდაყრდნობილი ღებულობდა პატიმრებს, დღეში მხოლოდ ათს, მეთერთმეტე მომავალ დღეს მისაღები ხალხის სიაში უნდა ჩაწერილიყო. შალამოვი გვეუბნება, _ ბერზინმა კარგად იცოდა, რომ რუს ხალხში ნებისმიერი შეთქმულება გამჟღავნდება, ერთი მაინც აღმოჩნდება შეფიცულთა ჩამშვები. ამიტომ მშვიდად ეძინა ცხენით მგზავრობისა თუ აეროპლანით (სამი წლით დატუსაღებული მოსკოველი მფრინავი ვალოდია გინცე ემსახურებოდა) ფრენის დროს. ლაგერის ერთ-ერთ განყოფილებაში ბლატარები არიფებს ამანათებს ართმევდნენ. ბერზინმა სამი მათგანი დაახვრეტინა. კუბოში ჩასვენებული ბლატართა გვამები სამი დღე-ღამე ესვენა ვახტაზე. ყაჩაღობა შეწყდა. („უზანგთან“). ბერზინის სიტყვებია: ერთ დღეში კოლიმაზე იმდენი ოქროს მოპოვება შეიძლება, რომ მასში აღებული ფულით ერთი დღით მთელი მსოფლიო შეგიძლია გამოკვებო. სიმდიდრის მოპოვების ამგვარ შანსს, ბუნებრივია, ბოლშევიკური მთავრობა ხელიდან არ გაუშვებდა. თან პატიმართა შრომით თუ მოხდებოდა ყველაფრის გაკეთება, ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ბერზინი ექვსი წელი ხელმძღვანელობდა კოლიმის სპეცლაგერს. 1938 წელს დახვრიტეს. მაღალი კაცი ყოფილა ფელიქს ედმუნდოვიჩის ნამდივნარი. ერთხელ თურმე ძერჟინსკის კაბინეტში იმაზე ბჭობდნენ, თუ რამხელა უნდა ყოფილიყო ციხეში პატიმართა ნარები _ 1მ. და 65სმ. საკმარისი იქნებაო, _ არწმუნებდნენ ქვეყნის პირველ შინსახკომელს. ამ დროს შეუღია ბერზინს კარები, შეუხედავს ძერჟინსკს და უთქვამს, 1მ და 65 სმ. კი არა 1მ. და 85სმ. პატარა იქნება, სჯობს 1მ და 95სმ. გავაკეთოთო. მერე სიგრძე ისევ შეამცირეს და ბერზინი ციხეში რომ იწვა, ფეხები ნარებიდან კაიხელაზე ჰქონდა გადმოშვერილიო, _ გვეუბნება ვარლამ შალამოვი. მოკლედ, ნიკოლაი პეტროვიჩ ბერზინმა აითვისა კოლიმა, მის დროს პატიმართათვის საუკეთესო პირობები იყო შექმნილი, 1938 წლის მერე კი კოლიმა ფაშისტთა კონცლაგერზე უარესი გახდა. ყველაზე აუტანელი კოლიმაზე სიცივე იყოო, _ წერს შალამოვი. სიცივეცაა და სიცივეც, ორმოცდაათგრადუსიან და უფრო მეტ ყინვაში პატიმრებს 14 საათი ამუშავებდნენ. ამას დაუმატეთ საუზმის, სადილისა და ვახშმისათვის გამოყოფილი ორ-ორი საათი და დასაძინებლად ოთხი საათი რჩებოდათ. იძინებდნენ, როგორც მოახერხებდნენ, ხშირად რიგში, ფეხზემდგომელა ყვინთაობდნენ. სიცივის მერე საბჭოთა ოსვენციმში _ შიმშილი, უღონობა და ცემა-ტყეპა იყო ყველაზე ძნელად ასატანი. 1938 წელს ეტაპირებულ პატიმრებს ხშირად ანახვებდნენ თურმე კოლიმის ცენტრში მოწყობილ კარავს და სიამაყით ეუბნებოდნენ: აქ სამოცდათხუთმეტი ტროცკისტი პატიმარი გვყავდა დამწყვდეული, მუშაობაზე უარი თქვეს და ყველანი დავხვრიტეთო. კოლიმაზე მოხვედრილი ტუსაღი ჯერ ფიზიკურ ძალას, მერე მორალს კარგავდა, იცლებოდა, იქანცებოდა, იფიტებოდა და კვდებოდა (სიკვდილი ბედნიერება იყოო, _ წერს შალამოვი). კვდებოდნენ ერთი და ორი კი არა, ასი ათასები, მილიონი... პატიმარი მყარად რწმუნდებოდა ერთ რამეში _ რამდენიმე დღე, თვე გავძლებ და მოვკვდები, რადგან 1938 წლიდან მოყოლებული, რაც იქ ხდებოდა, იმის ატანა ნორმალურ ადამიანს არ შეეძლო. ყველაზე აუტანელ ყოფაში ინტელიგენტი პატიმრები იყვნენ, ძალა რომ არ ჰქონდათ, შრომის გამოცდილება არ გააჩნდათ. ჩასულებს ოთხ კატეგორიად ჰყოფდნენ. პირველი _ ინვალიდები, მეორეში იმათ აერთიანებდნენ, მსუბუქი სამუშაოს შესრულება რომ შეეძლოთ, მესამეში _ სუსტები, მაგრამ მუშაობისთვის მაინც გამოსადეგნი და მეოთხე _ ჯანმრთელები, ყველანაირ სამუშაოს შესრულებას რომ უბრძანებდი. მუშაობა ყველაზე აუტანელი Рур-ში ანუ გშა-ში იგივე გაძლიერებული შრომის ასეულში იყო. მწყობრი და შეუვალი კოლიმური შრომის სისტემა სამჯერ სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში დახვრეტას ითვალისწინებდა. საერთოდ, შრომა და სიკვდილი სინონიმები გამხდარიყო. უკაცრიელი ჩრდილოეთის ცის დახატვას ნახევარტონები არ ჭირდებოდა. ბავშვიც იმას ხატავდა, რაც დაინახა, _ მავთულხლართებით შემოღობილი ყვითელი ფერის სახლები, კოშკურები, ავტომატიანი ბადრაგები, ნაგაზები და შეუმღვრეველი ლურჯი ცა („ხატავდა ბავშვი“). ასეთი იყო კოლიმის პეიზაჟი ზაფხულში, ზამთარში _ ყველაფერი თეთრი და უსახური. კოლიმის პირობებში რაიმეს დაწერა შეუძლებელი იყო. თუმცა შალამოვს 1949 წლიდან მაინც განუახლებია ლექსების თხზვა. რვეულში წერდა და განთავისუფლების მერე თავსატეხად ექცა, როგორ წამოეღო _ ოჯახში მიტანა საშიში იყო. მართალია, „კამეას“ გარდა, მათში, მაშინდელი ტერმინით, იდეოლოგიურად საეჭვო არაფერი იყო, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, იმაზეც შეიძლებოდა შედავებოდნენ, რატომ წერდა და რისთვის ინახავდა. მოკლედ, რაღაც დრომდე, მომენტამდე კოლიმაზე შეთხზული ლექსები სადღაც უნდა შენახულიყო. პორტუგალოვს, მისი პოეზიის ერთგულ მკითხველს, ურჩევია _ ამდენი ლექსის დამახსოვრება შეუძლებელია, შეიძლება 20-30 თუნდაც საკუთარი ლექსი დაიზეპირო, მაგრამ ათასი _ არა. ამიტომ ორ ეგზემპლარად გადაწერე. ერთი ვორონსკის, მეორე მამუჩაშვილს გადაეციო, მაგრამ პირველს ისე შეშინებია, ქალიშვილი მყავს, რატომ მღუპავთო, ვარლამ ტიხონის ძეს მხოლოდ ისღა დარჩენოდა საკუთარი ხელით გაენადგურებინა ისინი. ხსოვნას რაც შემორჩა, იმას რას უზამდნენ. შალამოვის კოლიმური მოთხრობები ხსოვნის ნამსხვრევებია. იმავე მოგონებაში (შთამბეჭდავი სათაური „დიდი ხანძრები (არქივის ისტორია)“, რომ დაარქვა, მწერალი საინტერესო ამბავს მოგვითხრობს: მამამისის მთელი არქივი, ნივთები, ფოტოები და ა.შ. ერთ ჩემოდანში ყოფილა თავმოყრილი. იმ სურათების ნახვა თურმე ვარლამ შალამოვს აუცრემლებლად არ შეეძლო. დაინახავდა გარდაცვლილი მამის სურათს და ცრემლები მოერეოდა. ამიტომ სულ სახვალიოდ გადადებდა ხოლმე მთელი არქივის დათვალიერებას. თან დედას უთქვამს _ იყოს ყველაფერი, რა იცი, როდის იქნება საჭიროო, და ესეც ფიქრობდა, ხვალ ვნახავო. 1953 წელს მოუკითხავს და ისევ დედას შეუჩივლია: შენმა დამ დაწვა, დაათვალიერა, არაფერი იყო საინტერესო და დაწვაო. შალამოვი ამბობს, იქნებ მის ადგილას იმ დროს მეც ასე მოვქცეულიყავიო, ომი, ევაკუაცია, დაჭერილი და ხალხის მტრად შერაცხული ძმა _ ჰოდა, დას რას ვერჩი, რომელმაც მამისას ჩემი არქივიც მიაყოლაო. მეუღლე უფრო ჰუმანურად მოქცეულა: შეუნახავს ყველაფერი, რაც გამოქვეყნებული იყო, და ცეცხლში შეუყრია ხელნაწერები... შალამოვი ამასაც არ ამტყუნებდა _ შვილის გადარჩენისათვის დედა ყველაფერს იზამს და იმ ჯოჯოხეთში ამას ჩემი ნაწერებისათვის წაეკიდებინა ცეცხლი, სავსებით ბუნებრივიაო. ასე, რომ ვარლამ შალამოვის პატიმრობამდელი ნაწერები ძალიან ცოტა შემოგვრჩა, მაგრამ რაც შემოგვრჩა, ბევრის მთქმელია. განსაკუთრებით კოლიმადან თავდაღწევის მერე შექმნილი თხზულებებია საინტერესო. თხზულებები, რომლითაც მთელი მსოფლიოსათვის ახლობელი გახდა სახელი და გვარი _ ვარლამ შალამოვი. თითქოს ცეცხლი მისდევდა, წერდა, ის შთანთქავდა, ეს მაინც არ ეშვებოდა, წერდა, ხანძრის მინავლების მერე გამალებით, ცეცხლი ხან ყელყელაობდა, ხან ჩაყუჩდებოდა, ხან ბევრი, ხან ცოტა იწვებოდა, ახანძრების დროსაც და ჩანაკვერჩხლებულ ნაღვერდალშიც მირჩებოდა სიმხურვალეს გამოუწვავი... გადარჩა, ბევრი რამ გადარჩა, რითაც საბჭოთა ლაგერის ნამდვილი სურათი დაიხატა, დაიხატა მართალი მწერლისაგან ნაღდად, შეულამაზებელად. ჩემი მწერლური მანერაა, უნდა ვხედავდე, ხელში მეჭიროს, რაზეც ვწერ _ ამბობდა ერთგან. მთელი კოლიმა, საბჭოთა ლაგერის კოშმარული ამბები ხელისგულზე ედო, ხედავდა, წერდა...
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-4067-2
სათაური:
კოლიმგრაფი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
საბას პრემია:
ლაურეატი
გვერდები:
120
კატეგორია:
კრიტიკა
ნახვები:
10070
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]