მატყუარა იაკობი წინასწარ ვიცი, რასაც მეტყვიან: დიდი რამეც კია ეგ შენი ხე – ღერო, ფოთლები, ფესვები, წვრილ-წვრილი ხოჭოებით გამოვსებული ქერქი და ჰო, თუნდაც ფართოდ განტოტებული ვარჯი, მერედა რა? თითქოს უკვე ჩამესმისყურში: ნუთუ სხვა ვერაფერი ნახე ისეთი, რომ გაიხსენო და თვალები ისე გაგინათდეს, როგორც მშიერ თხას მსუყე ბალახის მოზრდილი კონის დანახვაზე? ან იქნებ რაღაც განსაკუთრებულ ხეზე ფიქრობ, რომლის სახელითაც, ვთქვათ, წარსულის რაიმე დიდი ბრძოლაა ცნობილი: ეული კედრის ბრძოლა, მაგალითად. – ასეთ ხეს ხომ არ გულისხმობ? თუ ეგ სულაც ის ხეა, რომელზედაც ერთ დროს დიდად სახელგანთქმული ვინმე ჩამოახრჩვეს? ვერც ამჯერად გამოვიცანი, ხომ? ესე იგი ჩამოხრჩობითაც არავინ ჩამოუხრჩვიათ? კეთილი. მართალია, უაზრობა მგონია, მაგრამ, რაკი ასე ძალიან მოგწონს, ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელოთ ეს სულელური თამაში, ნება შენია. მაშ, ის ჩუმი ხმა ხომ არ გაგონდება, ხალხი შრიალს რომ ეძახის და მაშინ გაისმის, როცა ქარი იმ შენი ხის ფოთლებს დაუვლის? თუ შენთვის მთავარი ის არის, რამდენ მეტრ მარგ მასალას შეიცავს ხის ღერო? თუმცა არა, შენ ნამდვილად იმ სალბუნივით საამურ ჩრდილზე ფიქრობ, რომლითაც ხე ასე უშურველად გვასაჩუქრებს. ხომ ვიცით, საკმარისია ვინმეს სიტყვა „ჩრდილი“ დასცდეს, რომ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველას მაშინვე ხე ახსენდება, არადა, სახლი ან თუნდაც ბრძმედი განა უფრო ბარაქიან ჩრდილს არ აყენებს? მოკლედ, ჩრდილს გულისხმობ, არა?
არა, არა და არა, ვეტყვი პასუხად. სულ ფუჭია ეგ თქვენი მარჩიელობა, მაინც ვერ გამოიცნობთ. ერთი სიტყვაც არ გითქვამთ სწორი, თუმცა ხის ფუნქცია, როგორც, ვთქვათ, საწვავი მასალისა, ხელწამოსაკრავი სულაც არ არის. არა, ვგულისხმობ ხეს, მხოლოდ ხეს, მეტს არაფერს. და საამისოდ მიზეზიც საკმარისი მომეპოვება. ჯერ ამას ვიტყვი, რომ ხეებმა ჩემს ცხოვრებაში გარკვეული როლი შეასრულეს. მათს მნიშვნელობას, შესაძლოა, ვაზვიადებდე კიდეც, მაგრამ რა ვქნა, თუკი ასე ვგრძნობ? ცხრა წლისა ხიდან ჩამოვვარდი, ვაშლის ხე იყო, სხვათა შორის, და მარცხენა ხელი მოვიტეხე. ის სატკივარი, ავად თუ კარგად, რა ხანია მოვიშუშე, მაგრამ რამდენიმე რთულ მოძრაობას მარცხენა ხელის თითებით მას შემდეგ ვეღარ ვაკეთებ. ეს მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ერთ დროს ყველას ეგონა, ჩემგან მევიოლინე დადგებოდა. თუმც თავისთავად ამას, ცხადია, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემს მუსიკოსობას თავიდან დედაჩემი ნატრობდა, მერე მას მამაჩემმაც აუბა მხარი, ბოლოს კი სამივე ერთ აზრზე დავდექით. თუმცა, ასე იყო თუ ისე, ჩემგან მევიოლინე არ გამოვიდა. რამდენიმე წლის შემდეგ, – მაშინ, ალბათ, უკვე ჩვიდმეტის ვიქნებოდი – ცხოვრებაში პირველად ვიწექი გოგოსთან – ხის ძირში. წიფელი იყო, სიმაღლით ასე თხუთმეტი მეტრი მაინც. გოგოს ესთერი ერქვა... თუ არა, მგონი, მოირა იყო. მოკლედ, წიფლის ქვეშ ვიწექით და ტახმა შეგვიშალა ხელი. გამორიცხული არ არის, ერთზე მეტიც ყოფილიყვნენ, მიხედვაც ვეღარ მოვასწარით. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ცოლი, ხანაც ხის ძირში მოკლეს. ვერ გეტყვით, კერძოდ, რა ხე იყო, მკვლელობა უჩემოდ მოხდა, და ეს ამბავიც მხოლოდ გადმოცემით ვიცი, კითხვით კი დამავიწყდა მეკითხა, რა ხე იყო-მეთქი.
ახლა კი გეტყვით მეორე მიზეზს, რატომაც მინათდება თვალები იმ ხის გახსენებისას. და ეს მიზეზი, ალბათ, პირველზე მნიშვნელოვანიცაა. ალბათ კი არა, ნაღდად უფრო მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, რომ გეტოში ხეები აკრძალულია (განკარგულება №31 (განკარგულება №31 – 1939 წლის 18 სექტემბერს ქალაქ ლოძში მცხოვრები ებრაელებისთვის ღვთისმსახურების აკრძალვით დაიწყო სერია განკარგულებებისა, რომლებიც, სხვა ზომებს შორის, ითვალისწინებდა ებრაელთა იძულებით დასაქმებას, მათი საბანკო ანგარიშების გაყინვას, ყველა ებრაული ორგანიზაციისა და უწყების გაუქმებას, კომენდანტის საათის შემოღებას და ა. შ. (აქ და შემდგომ – მთარგმნელის შენიშვნები)): „სასტიკად იკრძალება გეტოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის დეკორაციული თუ სასარგებლო მცენარეების მოშენება. იგივე აკრძალვა ვრცელდება ხეებზეც. იმ შემთხვევაში, თუ აქა-იქ მაინც დარჩა ველურად მზარდი მცენარეები, რომელთა მოსპობა გეტოს მოწყობისას ვერ მოხერხდა, ისინი აღმოჩენისთანავე განადგურებულ უნდა იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში...“).
ჰარდტლოფმა გადაწყვიტა ასე, ეშმაკმა უწყის, რატომ. ალბათ უფრო ჩიტების გამო. თუმცა ასევე აკრძალულია ათასი სხვა რამ: ბეჭდები და ყოველნაირი ძვირფასეულობა, ცხოველების ყოლა, რვის მერე ქუჩაში გასვლა, ყველაფერს ვერც ჩამოთვლი. წარმომიდგენია, რა ელის კაცს, თითზე ბეჭედი რომ წამოუცვამს და რვის მერე ძაღლი სასეირნოდ გაჰყავს. თუმცა არა, არაფერიც არ წარმომიდგენია. საერთოდ, არც ბეჭედზე ვფიქრობ, არც ძაღლებზე და არც იმაზე, თუ რომელი საათია. მხოლოდ იმ ხეზე ვფიქრობ და თვალები მინათდება. ყველაფერი მესმის, კარგი, ვთქვათ, თეორიულად გავიგე: თქვენ ხართ