წინასიტყვაობა ფრანსუა ელიზადესგან
თუ მხოლოდ დამნაშავის სახელი გაინტერესებს, ბოლო გვერდზე გადაშალე, წაიკითხე და წიგნი თაროზე შემოდე, ხოლო თუ თავბრუდამხვევი თხრობის მოყვარული ხარ, სიუჟეტს სიტყვა-სიტყვა მიჰყვები და ცდილობ, დამნაშავე მანამ გამოიჭირო, სანამ მის ვინაობას ავტორი გაგიმხელს, მაშინ ეს რომანი შოკოლადის ნაყინივით ნება-ნება მისართმევი და ტკბილი მოგეჩვენება.
ბაკურ გაბუნიას არ უთქვამს როგორ მომაგნო. დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ადგილსამყოფელი მხოლოდ პირადმა კურიერმა და მიკამ იცოდნენ, რომელსაც პროდუქტები მოაქვს ყოველ სამშაბათსა და პარასკევს. კარი შემოაღო, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ‟ვიტა ბრევის” მაგიდაზე დადო და, თითქმის თავხედურად მთხოვა, წამეკითხა. საუბრის სხვა დეტალების შესახებ არაფერს მოვყვები. ერთი ციცქნა წინასიტყვაობაც მოწმობს, რომ ნაწარმოებს გავეცანი, მოვიწონე და გამომცემლობასთანაც ვუშუამდგომლე.
ხუთზე მეტი მთავარი პერსონაჟი, პერსპექტივათა განუწყვეტელი ცვლა, დაუჯერებელი ამბები, გამოგონილი ეპოქა, ქვეყნები და ქალაქები, უცნაური გმირები და წიგნში აღწერილი სხვა წიგნის პერსონაჟის ორ სივრცეში მოგზაურობა, მკითხველს ზოგჯერ დააბნევს, მაგრამ ეს ნაწარმოების მთავარი ხიბლია.
დასასრულს მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი წერეთელსა და თამარ ჟღენტს, რადგან ბაკურ გაბუნიას თქმით, ამ ადამიანებმა შთააგონეს შეექმნა ‟ვიტა ბრევის”.
აარონ ბოლსკი "არდო ვერსის" ნახევრად ცარიელი ჭიქითა და ნახევრად შევსებული სუდოკუს თავსატეხით იჯდა მისთვის განკუთვნილ ნომერ ოცდასამთან. დანახვისთანავე გეცემოდათ ამოუხსნელობის სურნელი, ამიტომაც მშვიდი ბოლსკი ტავერნაში შემოსული გააფთრებული ადამიანების მზერის სამიზნედ იქცეოდა. კვირის მეოთხე დღეს, საღამოს შვიდ საათზე ელოდა მაგიდა, ხაკისფერი გადასაფარებლით და "არდო ვერსი" – ეს არაფრით გამორჩეული სასმელი. ღონიერ სხეულს, სასცენო დადგმებისთვის მომზადებული მოძრაობით, განკუთვნილ ადგილას მოათავსებდა, გადაშლიდა სუდოკუს და მთელი არსებით იძირებოდა – თითქოს სამყაროს ბედი უნდა გადაეწყვიტა, რასაც ყოველ ჯერზე შესანიშნავად ახერხებდა. ბოლსკისთვის სუდოკუ თავდაჯერებით სიამოვნება უფრო იყო, ვიდრე დროის გაყვანის ინტელექტუალური საშუალება. საკუთარ თავში დარწმუნებული ცარიელ უჯრებში ციფრებს იმდენად ზუსტად სვამდა, გეგონებოდათ, ვიღაცას ზერელედ წაეშალა, ქაღალდზე ხაზების გავლება თავისუფლად რომ შეძლებოდა. წარმოდგენამ, რომ ცხოვრება სუდოკუს ჰგავს და მიზნის მისაღწევად არასწორ ადგილას შემთხვევით მოხვედრილი რომელიმე ციფრი ჯიუტად არ გნებდება, აარონ ბოლსკის შორეულ წარსულში აუარა გვერდი.
ტავერნა უბრალო, თუმცა ამბიციური ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. თითოეული მათგანი საკუთარი წარმატებით ამაყობდა. წარმატება კი არ აკლდათ, რომელიც, სინამდვილეში, იმდენად სუსტ მიზეზს წარმოადგენდა კმაყოფილებისთვის, რომ სასაცილოდაც არ ეყოფოდა რომელიმე ჯორჯ ბრეივსონს, ფრანსუა ელიზადეს, ანეს ან როჯი როლეტოს. შესახედაობით ბობოლა ბატონებმა თვალები გაუმჭვირვალე ნაჭრებით აიხვიეს და ვერ ხედავდნენ, რომ ყურადღებას არავინ აქცევდათ. ღვთისგან დავიწყებულები ვერ მართავდნენ არათუ ქვეყანას, არამედ თავიანთი სახლების სოციალურ პროცესებს. თუმცა, აბა, მათი პოლო-დია-მონოლოგებისთვის ყურის თხოვების ბედნიერება გქონოდათ. ერთი პირობა გაიფიქრებდით, მსოფლიოს ბედი მართლა აქ წყდებაო. განუწყვეტლივ საუბრობდნენ პოლიტიკაზე, მაღალ (ან არც თუ ისე მაღალ) ღირებულებებზე, ხელოვნებაზე, საზღვრებგარეშე ეპოქაზე, რეგულარებზე, საიდუმლო სამსახურზე, ნაღვლიანსახიანებსა და აარონ ბოლსკიზეც კი. ერთი სიტყვით, წლების განმავლობაში უყურადღებოდ არაფერი დაუტოვებიათ და მრავალჯერ დაუტრიალებიათ წრეზე. დღე ერთი იყო და უამრავ გეგმას წარადგენდნენ დანარჩენთა (ასე ეძახდნენ არატავერნელებს)ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თუმცა, იმ ზღაპრისა არ იყოს, ჭერში აწყობდნენ და იმავე ზღაპრისგან განსხვავებით, არც ერთ გეგმას უხილავს დღის სინათლე, პირდაპირი მნიშვნელობითაც, ამ კედლებს გარეთ არავის გაუტანია. უფრო მეტიც, აუცილებლად დაასკვნიდით, რომ გეგმები დაუსრულებელი ლაყბობის სურვილის დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდათ.
თუ გაგიმართლებდათ, რადგან ტავერნაში მოხვედრა დიდ პატივს ნიშნავდა, და მათ გვერდით რამდენიმე კვირას გაატარებდით, დაიზეპირებდით თითოეულ გამოსვლას, თითოეულ წინადადებას, თითოეულ გეგმას, რომლებიც კინოფირული ჩანაწერის სიზუსტით მეორდებოდა. მოწყენილობის გასაფანტად რომელიმე კამათს სწორედ იმ თემაზე წამოიწყებდა, აუცილებლად თავისივე გამარჯვებით რომ დასრულდებოდა. აქამდე ასე ხდებოდა და არც არაფერი შეცვლიდა ამ მაგიურ კანონზომიერებას. თავიანთ ბაკანში გამოკეტილებს, სულ უბრალო უზუსტობაც აშფოთებდათ. თითქოს ყველას ერთი ნაჭუჭი შემოაკრეს და სხვებსაც იზიდავდნენ შიგნით. შიგნით კი სრული ჰარმონია სუფევდა. სრული ურთიერთშეთანხმება, ერთმანეთზე ზრუნვა. თუ ერთი ამტკიცებდა, რომ საუზმეზე ერბოკვერცხი მიირთვა და არა ხილის სალათი, მეორე შეეწინააღმდეგებოდა, რადგან კამათს ორი მხარე სჭირდება, როგორც დიალოგს ორი ხმა, როგორც ერთი კაცის ლაპარაკს უმჯობესია (ზოგჯერ მაინც) ვინმემ მოუსმინოს.
ერთხელ, ზედმეტი საქმით დაღლილ ტავერნელს შესანიშნავი იდეა მოუვიდა. დროის გასაყვანად ინოვაციური გამოგონება იყო – თანამზრახველის დახმარებით, სხვებისგან მალულად, კედლიდან საათი ჩამოხსნა და ისრებს ტყუილი ასწავლა. მეგობარს გაანდო, რომ სანახაობის ყურება სურდა, რადგან, როდესაც ტავერნელები შეამჩნევდნენ, ისრებმა სხვა დროის ადგილი სრულიად უმიზეზოდ დაიკავესო, საათის მოქმედებით შეშფოთდებოდნენ. სულადგმულ ნივთს გარჯას გარდაუვალ ცვლილებათა საჭიროების მითითებაში ჩაუთვლიდნენ და ამბოხებულ ისართა შესაძლო წინასწარმეტყველების ახსნას მორიგი დისკუსია მოჰყვებოდა.