ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები გუნდად აიჭრნენ ცაში ხის კენწეროებიდან. მთაში ყველაზე მაღალ ადგილას კაფანდარა ხეების ტყეები იყო გადაჭიმული, რომელსაც ელფების სავანე ერქვა. ამ ტყეებში იღებდა სათავეს ანკარა ნაკადულები, რომლებიც წყალუხვ მდინარეებად გადაიქცეოდა, თანდათან ერთმანეთს უერთდებოდნენ და დაბლობისკენ მიიჩქაროდნენ. იქ სადაც ციცაბო კლდე ხვდებოდა მდინარე ჩანჩქერის ნაკადად ეშვებოდა.
პირველად სწორედ ფრინველები გახდნენ იმ საოცრების მოწმე, რომელსაც არავინ ელოდა და არც არავის არასდროს წარმოედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ წინა დღეს კონკურსი გაიმართა ჩიტებსა და ყვავილებს შორის, რომლებიც სილამაზეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
გადაწყვიტეს, ვინც გაიმარჯვებდა, ფერადი ფეირვერკები მოეწყო გამარჯვების ნიშნად. შიკრიკობა ელფების სავანის ბინადრებმა ითავეს.