როცა ჩვენი პოზიცია არ გვაძლევს საკმარის ძალაუფლებას საქმე უფრო კარგად გავაკეთოთ
წუთით დაფიქრდით, გაქვთ კი სამსახურში საკამრისი ძალაუფლება, რათა თქვენი საქმე შეუფერხებლად და კარგად აკეთოთ? თუ დადებითი პასუხის გაცემა გიჭირთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.
თუ გვინდა, რომ თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული ამოცანები ჯეროვნად შეასრულონ, საკმარისი უფლებამოსილებითაც უნდა აღვჭურვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოქმედების თავისუფლებას შევუზღუდავთ და შევბოჭავთ. ისინი თავიდან გაჭირვებით, თუმცა მაინც, შეეცდებიან შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, თუმცა ნელ–ნელა სტიმულები დაეკარგებათ. მათი შედეგები გაუარესდება, ბევრ საყვედურს მიიღებენ, თუმცა ვერც გააუმჯობესებენ ვერაფერს. საბოლოოდ კი, დაიღლებიან და დანებდებიან.
ამგვარ სიტუაციაში მყოფი ადამიანებისთვის არსებობს მოქმედების სამი ალტერნატივა: ეცადოთ გაზარდოთ საკუთარი უფლებამოსილება, ცვლილების მოლოდინით შეეგუოთ არსებულ მდგომარეობას ან დატოვოთ სამსახური. ეს უკანასკნელი, ალბათ, ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი უნდა იყოს. მდგომარეობასთან შეგუება კი, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, საბოლოოდ მოტივაციის დაკარგვით დასრულდება. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ეცადოთ გაზარდოთ საკუთარი უფლებამოსილება. ამისთვის კი გთავაზობთ: გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, გამოიყენეთ სხვისი ძალაუფლება და გაზარდეთ საკუთარი ავტორიტეტი.
გამოიჩინეთ ინიციატივები
მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი უფლებამოსილება გაგაჩნიათ, მოცემულ დავალებებზე პასუხისმგებლობა მაინც თქვენ გეკისრებათ. გახსოვდეთ! შედეგებს უშუალოდ თქვენგან ელიან და მათი ჩაბარების ვადა რომ დადგება, თავს იმით ვერ გაიმართლებთ, რომ არასაკმარისი უფლებამოსილება გაგაჩნდათ. ამიტომ, თქვენი ვალია არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოთ ხელმძღვანელობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს მიერ გამოჩენილ ინიციატივებს ენიჭება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უშუალოდ ვის მიმართავთ ინიციატივით. საჭიროა ისეთი ადამიანი ან ადამიანები შეარჩიოთ, ვისაც შესაბამისი ძალაუფლება ექნება რაიმე შეცვალოს ან ხელი შეუწყოს ინფორმაციის ტოპ–მენეჯმენტისთვის მიწოდებას. უპირველესი კანდიდატურა თქვენი უშუალო უფროსი უნდა იყოს. გამოჩენილი ინიციატივები ხელმძღვანელის ზურგს უკან მოქმედებად რომ არ ჩაითვალოს, პირველ რიგში, სწორედ მას მიმართეთ.