წინასიტყვაობა ამ წიგნის ქვესათაური ასე ჟღერს: სიმდიდრის, სიხარბისა და ბედნიერების გაუხუნარი გაკვეთილები. ბედნიერება აქ შემთხვევით როდია ნახსენები. ყველას გვინდა, რომ გვქონდეს ბევრი ფული. მაგრამ ბევრი ფული არ ნიშნავს სიმდიდრეს. ისევე, როგორც არ ნიშნავს ბედნიერებას.
როგორც მორგან ჰაუზელი ამბობს, გარკვეული რაოდენობის შემოსავლის მიღების შემდეგ ადამიანები სამ ჯგუფად იყოფიან: ისინი, ვინც ფულს ზოგავს, ისინი, ვინც არ ფიქრობს ფულის დაზოგვაზე და ისინი, ვინც არც კი ფიქრობს, რომ ფულის დაზოგვა სჭირდებათ. თუ ამ სამიდან რომელიმე კატეგორიაში აღმოაჩინეთ თქვენი თავი, ეს წიგნი აუცილებლად წაიკითხეთ.
ფულთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესეობა ჯერ კიდევ საბჭოური კატეგორიებით მსჯელობს. შესაბამისად, ფულთან დამოკიდებულება არაერთ ფსიქოლოგიურ სტიგმას შეიცავს. მორგან ჰაუზელის "ფულის ფსიქოლოგია" სრულიად სხვა პარადიგმაშია შექმნილი. და ვფიქრობ, ეს ქართველი მკითხველისთვის გამორჩეული და, ვიტყოდი, გამოსაფხიზლებელი გამოცდილება იქნება.
ავტორის თქმით, ფულის შესახებ ყველას სხვადასხვა ცოდნა და მასთან განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ეს იმიტომ როდი ხდება, რომ ერთს მეორეზე უფრო სხარტი გონება აქვს ან უკეთაა ინფორმირებული, არამედ იმიტომ, რომ განსხვავებული ცხოვრება გვაქვს, რომელიც განსხვავებულმა და ერთნაირად დამაჯერებელმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა.
ამ წიგნში აღმოაჩენთ არაერთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ხშირად თვალს ვერ ვუსწორებთ.
მაგალითად, იმას, რომ ჩვენ ყოველთვის იმაზე ნაკლებს გადაგვიხდიან, ვიდრე გვინდა. ან იმას, რომ მთავარი იღბალია, სად და როდის დავიბადეთ. ან, სინამდვილეში რას ნიშნავს სიტყვა "საკმარისია", რადგან არაფერი, რაც ღირებულია, უფასოდ არ გვეძლევა. ან იმას, რომ ფულის დაზოგვას მიზეზი არ სჭირდება.
ამ წიგნიდან გაიგებთ, რა განსხვავებაა ფულის მიღებასა და ფულის შენარჩუნებას შორის. რატომ უნდა დავგეგმოთ ინვესტირება და რა არის სიმდიდრის უმაღლესი ფორმა.
"ფულის ფსიქოლოგიის" ამოცანაა, დაგაფიქროთ თქვენს ქცევაზე, შეხედულებებზე, ვინაიდან ეს წიგნი ცვლის მკითხველის დამოკიდებულებას არა მხოლოდ ფულისადმი, არამედ სრულად ცვლის მის ცხოვრებისეულ პარადიგმას.
არის ორი თემა, რომელსაც მუდამ ექნება გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე – ფული და ჯანმრთელობა. ამიტომ, ტურბულენტობის პერიოდში მეტი კონტროლი საკუთარ დროსა და შესაძლებლობებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ვალუტა ხდება. ეს არის პერსონალური ბრენდინგის ამოსავალი წერტილი. ვინაიდან ადამიანი, რომელსაც ძლიერი პირადი ბრენდი აქვს, ყოველთვის არის შეძლებული, გონივრულად მართავს საკუთარ რესურსებს – ფსიქოლოგიურს, ფიზიკურს თუ ფინანსურს, და, რაც მთავარია, ზუსტად იცის, რა არის მისი "რატომ". ფინანსების როლი ხომ ისაა, რომ ისინი უდიდეს დივიდენდად იქცევა, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს ვაკეთოთ რაც გვსურს, როცა გვსურს, რამდენი ხანიც გვსურს, სასურველ ადამიანებთან ერთად. ესაა ბედნიერება და არა უბრალოდ ბევრი ფული.
ნინო წითლანაძე, PhD
Nino Tsit la nad ze Con sul tancy-ს დამფუძნებელი,
პერსონალური ბრენდინგის და
კრეატიული სტრატეგიის კონსულტანტი