***
ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ გადარჩენის ამბავია, ისე დამაჯერებლად და თვალსაჩინოდ მოყოლილი, რომ იქნებ ვინმესთვის გადარჩენის სახელმძღვანელოდაც გამოდგეს.
ყოველთვის, როდესაც საინფორმაციო საშუალებები ძალადობის მსხვერპლი ახალი ქალის შესახებ გვატყობინებენ, ჩვენ ვისმენთ, თავს გადავაქნევთ, ვიდარდებთ, სოციალურ ქსელში გავაზიარებთ და ზოგჯერ წარმოდგენა გვიჭირს, რომ ამ ტრაგედიის მიღმა კონკრეტული, ნამდვილი ქალია.
2022 წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს, 19-ის მოკვლა კი სცადეს... ასეთია 2022 წლის ოფიციალური სტატისტიკა. სტატისტიკის მიღმა კი უამრავი გაუმხელელი, მოუყოლელი, დამალული, დაუწერელი ამბავია.
„ფსკერზე“ სწორედ ასეთ ამბავს გვიმხელს: ძალადობის, თავშეწირვის, ფსკერზე აღმოჩენისა და ამოცურვის, გადარჩენის საოცარ ამბავს, რომელიც იქნებ თავადაც იქცეს ვინმეს გადამრჩენად.
აბა, ლიტერატურის დანიშნულება სხვა რაღაა, თუ არა, გადაარჩინოს თუნდაც ერთი ადამიანი.
დიანა ანფიმიადი,
კონკურსის ჟიურის წევრი
ანი ბალიაშვილის მენტორი