*** მწერალი ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა ხვდება და გრძნობს, რომ ღირებულ ტექსტს ქმნის. წარმომიდგენია მათეს განცდები, როცა ამ რომანზე მუშაობდა - უბრალოდ, თავის სტიქიაში იყო და უხაროდა, რომ პირველივე ცდაზე, მოზრდილ ნაწარმოებთან პირველივე შეჭიდებაზე იღბალი მის მხარეს დადგა. იღბალი კი ასე მხოლოდ იმას თუ სწყალობს, ვინც მართლა პროზაიკოსად დაიბადა. იქნებ ხმამაღალ განცხადებად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მართლა ასეა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მათეს ასეთი გამორჩეული ნიჭიც აქვს - თავის ყველა გმირს გულწრფელად თანაუგრძნობს, ყველა მათგანის „ტყავში ყოფნა“ შეუძლია. ხშირად მის ტექსტში უსულო საგნები სულიერებს ისე ორგანულად ენივთებიან და ეთვისებიან, რომ სამყაროს მთლიანობაზე გვაფიქრებს და აქ უკვე სხვა სიღრმე იშლება.
მათეს დახატულ ჭანჭახში, რომელიც არასოდეს ემორჩილება კალაპოტის სტრუქტურას და მუდამ სათავისოდ ცვლის მას, თავად მათე დავინახე - ვატყობ, გაკვალული გზით სიარული არ უყვარს, არც შეუპოვრობა აკლია და ეს უკვე კარგი წინაპირობაა სიტყვიერების ნამდვილ ოსტატად ჩამოყალიბების ურთულეს გზაზე - მითუმეტეს, რომ არც ზომიერების გრძნობა ღალატობს. თავისი გულწრფელობით (კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მის ამ თვისებას) გითრევს, გიპყრობს იმითაც, რომ რთული სიუჟეტური სვლების გარეშეც შეუძლია შენი მოხიბვლა და მკითხველსაც სხვა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ ბოლომდე მიენდო. რომანში აღწერილ, თითქოსდა ყოველდღიურობისთვის სახასიათო ჩვეულებრივ მოვლენებს (ლამის ყველას რომ გადახდენია თავს), ნაძვებსა თუ ბეტონის ჯუნგლებს, ან თუნდაც თოვლის თეთრ სუდარაში გახვეულ სასაფლაოს სულ სხვანაირად ხედავ და ამჩნევ იმას, რაც მანამდე ვერ შეამჩნიე მათი ნახვისას. მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს არის სიტყვით მხატვრის დანიშნულება - ათასჯერ ნანახს ათასმეერთედ სხვა კუთხითა და განცდით შეგახედოს.
იქნებ ვინმეს ამის აღნიშვნა ზედმეტადაც მოეჩვენოს, მაგრამ ავტორს პიროვნული თვისებებიც - მოკრძალება და სიდინჯე - ნამდვილად წაადგება იმაში, რომ სიტყვათა მოთვინიერების ხელოვნებას ეზიაროს.
მათეს, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ, მკითხველს კი გულით ვურჩევ ამ რომანის წაკითხვას, მისი მთავარი გმირის გაცნობას, ბოლოს რომ ხელახლა იბადება და იავნანას ჭანჭახი უმღერის.
გელა ჩქვანავა,
მწერალი,
მათე ბაღაშვილის მენტორი