განთიადი სოროში
შესავალი
მოცემული მხატვრული ნაწარმოების ავტორი თვითმფრინავით მგზავრობისას გავიცანი. საერთო ბევრი აღმოგვაჩნდა და ჩვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლით ავაჩქარეთ დროის მონოტონური მარში. არც თუ ისე ხშირად ხდება, რომ ლიტერატორმა გვერდით სავარძელზე ამდენად საინტერესო ავტორი აღმოაჩინოს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თავის რომანიდან, რომელზეც, სავარაუდოდ, იმ პერიოდში მუშაობდა, მცირე მონაკვეთი დააკოპირა და ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა.
მოგვიანებით, მოვლენები მოულოდნელობის გამაოგნებელ განზომილებაში განვითარდა. ვისაც იმ დღეს ანარეკლივით გაუელვა ამ მოჩვენებამ ყველა შეამჩნევდა, რომ მეტისმეტად სუსტი აღნაგობის მქონე მოხუცი არანორმალურად ჩქარობდა. იმდენად სწრაფად ჩამიქროლა მსუბუქად შევკრთი კიდეც და მასთან საუბარი რომ არ მქონოდა, ვიფიქრებდი: ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და სამართალდამცავებს გაურბის-მეთქი.
უნებლიე რეაქციამ პრაქტიკული მოქმედების იმპულსი გარკვეულწილად შეანელა. დაგვიანებით შევძახე, ბატონო სად გეჩქ … და მაშინვე გავაცნობიერე, რომ გარჯად არ ღირდა, რადგან მამაკაცი აეროპორტის დაქსაქსულ დინებას შეერწყა.
მოგზაურობიდან ერთობ გაღატაკებული ვბრუნდებოდი და სახლში ავტობუსით წავედი. საღამოს რომელიღაც საათი იყო. ავტობუსის მეორე სართული, სადაც კომფორტულად მოვკალათდი, თითქმის ცარიელი დამხვდა. ელექტრონული ფოსტა გავხსენი. მის მიერ გადმოგზავნილი ტექსტი ჩავიკითხე და უწინდელი გაოცება მიღებულმა შთაბეჭდილებამ ჩაანაცვლა.
სახლში დაბრუნებულმა ტექსტი კიდევ რამდენჯერმე გადავიკითხე. რთული სათქმელია ნაწარმოები რა საკითხს ეხება, ან რა პრობლემას აყენებს. გვერდები დანომრილი არ არის, ასე რომ გაურკვეველია ეს მონაკვეთი რომანის დასასრულიდან არის აღებული, თუ დასაწყისიდან.
რაკიღა მოხუცს, რომელსაც თავის სახელიც კი არ უთქვამს, ვეღარსად მივაკვლიე, გადავწყვიტე, ეს მცირე მონაკვეთი გამოვაქვეყნო, რადგან უფრო გონივრული გადაწყვეტა ვერც თავად მოვიფიქრე და ვერც უფროსმა კოლეგებმა მირჩიეს. ყველანი გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით ეს « ეპიზოდური მოთხრობა » კუთვნილ ადგილს იპოვის.
ტექსტის ავტორი უცნობია, ისევე როგორც მისი მთლიანი შინაარსი და შექმნის ზუსტი თარიღი. არსებული გარემოებების გათვალისწინებით და გამოცდილ გამომცემლებთან კონსულტაციის შემდეგ, თავს უფლება მივეცი ეს ეპიზოდი შინაარსის შესაბამისად დამესათაურებინა და ტექსტში გარკვეული კორექტივების შეტანის შემდეგ, კოლეგების რჩევის თანახმად მემოქმედა.
განთიადი სოროში
ქვემოთ აღწერილი მოვლენა მოხდა ქალაქში, რომელსაც ვერცერთ რუკაზე ვერ მივაკვლიე, მაგრამ სხვა ქალაქები თითქოს მისი პროექციაა.
სოროში დღისა და ღამის გარჩევა რთული საქმე იყო, კერძოდ, იმ მიყრუებულ გარეუბანში, რომელშიც დროის დაუდგენელი პერიოდი გავატარე. არც კი მახსოვს იქაურობას როგორ შევეგუე, ან თავი როგორ დავაღწიე. უსიცოცხლო მანსარდიდან უსასრულოდ ვათვალიერებდი აბსურდულ, ერთფეროვან პეიზაჟებს, თითქოს დურბინდით ხმელეთს ვეძებდი, როგორც განწირული ეკიპაჟის რიგითი მეოცნებე, რომელსაც გადარჩენის იმედი ბოლომდე არ გაუფლანგავს.
მომნუსხველ მდუმარებას მეზობლად მდებარე სამშობიაროდან მომავალი ხმაური არღვევდა. მანსარდის თხელ კედლებში ადვილად აღწევდა და მთელი საღამო ტანჯვის გამომხატველი კვნესა ჩამესმოდა, რომელსაც რაღაც ბუნდოვანი, თითქოს არაცნობიერიდან მომავალი ტონალობა, ქუჩაში გაგდებული ძაღლივით ეხმიანებოდა. სოროში უძილობა აზარტული თამაშივითაა, ჭაობივით გითრევს და აღარ გიშვებს - სანამ ბოლომდე არ გამოგფიტავს. ჩვევად ქცეული მეთოდით დროის მოკვლა გადავწყვიტე და პაზლის აწყობას რობოტული მანერით შევუდექი. მარტოობაში მყოფი უკეთეს თავშესაქცევს რთულად თუ გამონახავს, დანარჩენი სამყაროსთვის შეუმჩნეველ ქალაქში.
ბნელ ოთახში საგნების გარჩევა ქუჩიდან შემოსული, მოყვითალო სინათლის ხარჯზე რამდენადმე შესაძლებელი იყო. სიმყუდროვეს მხოლოდ ენის არასრულყოფილების გამო თუ ვუწოდებთ იმას რაც მანსარდაში მომაკვდავი გულივით ფეთქავდა. ხის საწოლიდან ჭრიალით წამოვდექი, ტერფები საზაფხულო ჩუსტებში შევაცურე და სფეროსებრი ფანჯრისკენ ფრატუნით წავედი. პატარა მაგიდგაზე რამდენიმე წიგნი, მონიკელებული რკინის სანთებელა და შუშის საფერფლე იდო. უჯრიდან ფერადი ყუთი ამოვიღე, მტვრით დაფარულ კაკაოსფერ მაგიდაზე დავდე და ბორბლებიან სავარძელში ღუსაზავით ჩავეშვი. დროს ნიკოტინით და მუყაოს ნაჭრებით შევეჭიდე, – ბოლო დროს, ამგვარ ორთაბრძოლებში უპრობლემოდ ვიმარჯვებდი. მალე, დროის მსვლელობა თითქმის შეუმჩნეველი და მეტად საინტერესო გახდა.
მუყაოს ნაჭრებს შესაბამის ადგილას ისე ვათავსებდი, თითქოს, როდესღაც თავად შემექმნას ეს თავსატეხი და მეხსიერების იმპულსური კარნახით ვმოქმედებდი. როცა დასრულებულ პაზლს დავხედე ოვალური სახე დავინახე, რომელიც გამომშრალი ნიადაგივით დამსკდარიყო. ხანმოკლე სიხარული განვიცადე, თითქოს, მძიმე ტვირთი მოვიშორე, მაგრამ დაძინებას ისევ ვერ ვახერხებდი. საზაფხულო ჩუსტები კარისკენ გავიქნიე. ტანსაცმლის საკიდის ქვეშ სპორტული ფეხსაცმელი იდო - ჩავიცვი და გარეთ გავედი.
სოროში ჯერ ისევ ბნელოდა, ქუჩის მარჯვენა მხარეს ლამპიონები ანათებდა. ნაცრისფერი ტროტუარის ფორებიან ფილებს მოყვითალო განათება გადღაბნილ წრეებში აქცევდა. მაღალი, ჩამუქებული შენობები დომინოს ქვების მწკრივს წააგავდა. კვნესის ხმა ჩემ სმენამდე ვეღარ აღწევდა და ხასიათი მყისიერად გამომიკეთდა, თითქოს, სანთელი ჩამოიღვენთა და ცეცხლის ალი გაძლიერდა.
ფიქრებით