ხელი მაგრად ჩაევლო საჭეზე, თავსხმა წვიმას გახედა მანქანის ფანჯრიდან და ისევ ჩართო მინის საწმენდები. 33 ტოურს ჩალიფორნია დრეამს ჩაირთო და სიჩქარესაც მოუმატა. უკვე ტყის გზას მიუყვებოდა მომატებული სიჩქარით. უცბად რაღაც შეამჩნია, დაამუხრუჭა და მოსრიალდა. მოსახვევს კი ააცილა საჭე, მაგრამ მოულოდნელად ხეს შეასკდა.…
როცა თვალები გაახილა, ლამაზი ქალი იდგა მის გვერდით, უცხო, სიმპათიური. ისევ ბურანში წავიდა. მანქანის წინ გადმომხტარი ცხოველი გაახსენდა და თვალები დახუჭა:
_ კიდევ კარგი არ მოვკალი... _ თქვა და უცხო ქალს შეხედა.
_ ნუ გეშინია, მშვიდად იყავი, ახლა კარგად ხარ. მხოლოდ ხელი გაქვს ნატკენი. უნებურად დაიხედა ხელზე, რომელიც საშინლად სტკიოდა. ახლაღა შეამჩნია ჭრილობა, ტკივილმა შეახსენა თავი. წამოწევა სცადა.
_ არა არ ადგე, დაისვენე, შვილო, _ უთხრა ქალმა და საჭმელი მიაწოდა: _ ჭამე, მალე კარგად იქნები. მანქანა ძალიან არ დაზიანებულა, ეზოში აყენია... მე მარიანა მქვია, _ თქვა ქალმა და თავის სტუმარს შეხედა.