-ბერია შენ ხარ?
-Que signifie Béria ? (რას ნიშნავს ბერია?)
-მეგრულად ლაპარაკობს?
-ფრანგულია ალბერტ. ვსწავლობდი, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცი. შევეშვათ, ბერიას ასეთი შავი თმა დაბადებისასაც არ ექნებოდა.
-შეიძლება რაღაც ვუთხრა?
-უთხარი, მე სხვა ოთახებში შევიხედები.
წასვლას ვაპირებდი, როდესაც ალბერტმა ფანჯარაში ჩაყვირა:
-ნაპოლეონ?
ამის გაგონებაზე მწოლიარე კაცი ნელი ტემპით საწოლიდან წამოდგა, ფანჯარას მოუახლოვდა და ალბერტს უთხრა:
-Non!
ჩაიცინა, საწოლისკენ აუჩქარებლად წავიდა, წამოწვა და წიგნის კითხვა განაგრძო.
-რა მითხრა?
-არაო ალბერტ, არ ვარ ნაპოლეონიო. არამგონია ეს ნაპოელონი იყოს, უბრალოდ ტვინში აკლია, ალბათ ფრანგულის გრამატიკას სწავლობდა და გააფრინა, გამიგია რთული არისო, ამიტომაც მალევე შევეშვი ფრანგულს.
-შეიძლება მართალიც ხართ, ეს რომ ნაპოლეონის რეინკარნაცია იყოს, აქ არც იქნებოდა, პირდაპირ საფრანგეთში გაჩნდებოდა.
-ჩვენს საქმეს მივხედოთ სჯობს.
კიდევ მრავალ პალატაში შევიხედეთ, ცარიელებიც დაგვხდა და ისეთებიც, რომელთა გახსენებაც არ მსურს. ერთ-ერთ ბოლო პალატაში შეხედვისას ჩემსკენ ზურგით მჯდომი პაციენტი დამხვდა.
-თქვენ ვინ ხართ?
2 წამიც არ დასჭირვებია ისე სწრაფად ადგა და ფანჯრისკენ გამოიქცა. ფანჯარასთან მოსვლის დროს ლამის შემოასკდა.
-მე ბერია ვარ! ბერია! შენ ვინ ხარ? ახლავე თქვი, თორემ დაგხვერტ!
ყურებს მხრებით იფხანდა და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა თავით, მისი სახის ნაკვთების დანახვაზე გული დამეწვა, აქ იმ იმედით მოვდიოდი რომ ჩემს მეგობარს და თანამოაზრეს ვიპოვნიდი, ადამიანს, რომელთან ერთადაც უამრავი კეთილშობილური საქმე გამიკეთებია. ეს ბერია არ იყო, ჩემი ბერია არ იყო.
-მე სტალინი ვარ, ჩემო ამხანაგო. ნამდვილი ბერია ჩემი მეგობარი იყო.
-ოო, მატყუებ შენ, ამის გამო დასახვრეტი ხარ. სტალინი ბოლო ოთახში წევს, სეირნობისას მითხრა კრემლში რომ წავალ წაგიყვანო.
-კარგია, აუცილებლად გაყევი.
თავი მარცხნივ გადახარა და მკითხა:
-გამომიშვებ? თუ გამომიშვებ არ დაგხვრეტ!
-არ შემიძლია ამის გაკეთება, გასაღები არ მაქვს. აქ უკეთ იქნები, თან სტალინიც გყოლია ახლოს.
ფანჯარა მივხურე და გულის ტკენა ვიგრძენი, მან რაღაცების ლაპარაკი განაგრძო, მაგრამ არ მომისმენია, შემდეგ სულაც გაჩუმდა. ამ დროში მარტო ვიყავი, სრულიად მარტო, ჩემი შვილები, თანაპარტიელები, მეგობრები და სულაც ყველანი, ვისაც ვიცნობდი დაიღუპნენ. მთელი ამ დროის მანძილზე ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა, მაგრამ ბერიას ამბავი რომ გავიგე ისეთი იმედიანი მოვდიოდი, თითქოს წარსულში დაბრუნების შანსი მერგო, მაგრამ შევცდი. ნეტავ ერთ ადამიანს მაინც შემახვედრა, ვინც წარსულში მიცნობდა, გულს მცირედით დავიმშვიდებდი. მარტოობა ძალიან რთულია, როცა კარგი ადამიანი ხარ. ფიქრებში გართულმა უკან მოვიხედე და კიბეებისკენ წასვლა დავაპირე, როცა ალბერტმა მითხრა:
-ტირით ბელადო?
-არა, რა თქმა უნდა, თვალში წამწამი ჩამივარდა, სულ მივარდება ხოლმე, სარკესთან რომ მოვხვდები ამოვიღებ.
-ორივეში?
პასუხი არ მქონდა გაცემული რომ ბერიას გვერდითა პალატიდან ხმა გაისმა:
-ბერიას მოაკითხე? რა იყო, მარტოობის გეშინია, მშიშარავ?!
ამის გაგონებაზე ბრაზმა იფეთქა ჩემში, კარებთან მივირბინე, ფანჯარა ჩამოვწიე და ჰიტლერის ულვაშიანი კაცი დამხვდა.
-ოო, შენ მართლა ცრემლები მოგდის.
-არა! წამწამი ჩამივარდა!
-სტალინი მტირალა, სტალინი მტირალა, სტალინი მტირალა.
-ახლავე შეწყვიტე, ჰიტლერ! გაჩუმდი და თავი მოიკალი, როგორც გჩვევია!
-უუ, შემეშინდა, ამერიკის გარეშე არაფერი ხარ!
საუბარში ალბერტი ჩაერთო.
-ეს რა, მართლა ჰიტლერია?
-არა, რა თქმა უნდა, ეს ვიღაც თვითმარქვია აფერისტია! ჰიტლერმა ქართული საიდან უნდა იცოდეს ალბერტ!
-შენ რა, ძველ მეგობარს ვეღარ ცნობ? მე ვარ ბიჭო, ჰიტლერი ვარ. არ გახსოვს ერთად რომ დავდიოდით ხატვაზე? თუ ეგ ჭიდაობა იყო?
-ჩვენ არასდროს შევხვედრივართ! არც ომში და არც მანამდე შე თვითმარქვია!
-მმმ, მომწყინდა, გვერდით პალატაში რომ სტალინია ის გჯობია, მგონი სულაც ეგ იყო ჩემი ხატვის კურსელი. რომ იცოდე მოგერევა! ერთს დაგარტყამს და ამერიკაში გაგაფრენს შენს მეგობარ კაპიტალისტებთან!
-ამერიკაში გაგაფრენ მე ახლა, თუ არ მოკეტავ და შენს სტალინსაც ზედ მოგაყოლებ!
კარებს ჯაჯგური დავუწყე გაღების მცდელობით, სიამოვნებით მოვდებდი ამ თვითმარქვია ჰიტლერს ყბაში. თვითონ სიცილი მორთო, ბუ, ჰე, ჰე, ჰე, ო, შემდეგ საწოლზე ავიდა და ხტუნვა დაიწყო. მარტო ამ სიცილის გამო იყო აქ ჩასასმელი!
-არ გინდათ ბატონო იოსებ, წავიდეთ, შევეშვათ, მასზე დროს ნუ დაკარგავთ, თქვენ ხომ ის უკვე დაამარცხეთ.
ალბერტი მიჭერდა და კარის საპირისპირო მიმართულებით მქაჩავდა, ერთ მომენტში მეც შევეშვი და ფანჯარა მთელი ძალით მივხურე. გაუჩერებლად იცინოდა, ბუ, ჰეეეე, ჰეეე, ჰეე, ამ შეშლილის ადგილი ნამდვილად აქ იყო.