კარგი, რა! სკოლაში შესვლის პირველივე დღეს ლილიჩკამ გარკვეული ცოდნა მიიღო და ეს მაშინვე დაბრკოლებად ექცა სასწავლებელში სიხარულითა და გულმოდგინედ სიარულისთვის. კერძოდ კი ლილიჩკა დარწმუნდა იმაში, რასაც ადრეც ეჭვობდა: სულაც არ სურდა, ყველაფერი ესწავლა. მაგალითად, ზოგიერთი რამის სწავლა უსიამოვნო, მტკივნეული ან უხერხული იყო, ზოგიერთს კი შეიძლებოდა პირად ნივთებთან განშორებაც გამოეწვია: მაგალითად, გარკვეულ ცოდნად დაუჯდა საყვარელი თაგუნა – პლასტმასის გულსაბნევი, რომელიც სიცივეში ბერეტზე ეკეთა, სითბოში კი – საყელოზე. რადგან ლილიჩკას ყველა ქუდი ბერეტი იყო, მის ყველა კაბას საყელო ჰქონდა, ხოლო ყოველგვარი ცოდნა მეტი სიხარულით, უფრო იოლად და ბეჯითად უნდა მიეღო, ვიდრე ნებისმიერ სხვას. და ეს ყველაფერი პირველ დღეს, აბა!
ლილიჩკა ტანმორჩილი გოგო იყო, ამიტომ მასწავლებელმა პირველ მერხზე დასვა და ეს იყო ლილიჩკას დედ-მამის პირველი ტრიუმფი: მათი ქალიშვილი მხოლოდ იქ უნდა მჯდარიყო, საუკეთესოებისთვის განკუთვნილ მერხზე. მშობლების წარმოდგენა, როგორც გამჭრიახი და დაკვირვებული ლილიჩკა მალევე მიხვდა, მთლად სწორი არ იყო: პირველი მერხები საუკეთესოებისთვის კი არა, დაბლებისა და ახლომხედველი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ამასვე ემყარებოდა, სხვათა შორის, დედ-მამის შემდგომი ტრიუმფიც: ისინი ოცნებობდნენ, რომ ლილიჩკა მერხთან მჯდარიყო მათი წრის, ე. წ. „ჩვენი ოჯახის“ ბიჭთან ერთად და შემდგომში მასზე იქნებ ექორწინა კიდეც. ლილიჩკას ბოლომდე არ ესმოდა ამ იდეის არსი – „ჩვენი“ ლილიჩკასთვის იყო მისი ოჯახი, რომელშიც ცხოვრობდნენ: თვითონ, დედა, მამა, რაია ბებია და მარინა ბებია, და თავისთვის ხშირად ფიქრობდა ხოლმე, რომ არავითარი ბიჭი იმ „ჩვენს“ ოჯახში არ არსებობდა. გაზაფხულზე დედამ და მამამ ხმამაღლა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, როგორ წავიდოდა ლილიჩკა სკოლაში, და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღის დადგომას. ამ დროს ლილიჩკა ფანტაზიორობდა და წარმოიდგენდა ხოლმე, რომ ეს ბიჭი მათ ოჯახში სადღაც იმალებოდა. ხან ეჩვენებოდა, რომ ეს არაჩვეულებრივია, ხან ჩუმ-ჩუმად დაეძებდა ყველა კუთხე-კუნჭულში, ხანაც პირდაპირ ეკითხებოდა დედას, მამას, რაია ბებიას, მარინა ბებიას... მაგრამ მშობლები საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რაზე იყო ლაპარაკი და ამტკიცებდნენ, არასდროს არაფერი გვითქვამს ჩვენს სახლში დამალულ ბიჭზეო; რაია ბებია ოხრავდა და ვიშვიშებდა, მის ვიშვიშზე კი მარინა ბებია პატივისცემის ნიშნად რაღაც ამდაგვარს ამბობდა: „ლილიჩკა, თუ იცი, რატომ აქვს ადამიანს ორი ყური და ერთი პირი? იმიტომ, რომ ბევრი ისმინოს და ცოტა ილაპარაკოს.“
ლილიჩკას ყოველთვის უნდოდა, ბებიას შესწინააღმდეგებოდა და ეთქვა, ბევრს კი არ ვლაპარაკობ, უბრალოდ, მინდა მეტი გავიგო იმ ბიჭზეო, მაგრამ სასაცილო ის იყო, რომ მარინა ბებიას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა: პირი მას, შეიძლება, ერთი ჰქონდა (დიახ, ერთი), მაგრამ ათს უდრიდა, ყურები კი პირიქით, ნამდვილად ორი ჰქონდა, მაგრამ სულ ტყუილად.
ასე და ამგვარად, ლილიჩკას გვერდით პირველ მერხზე აღმოჩნდა მიშა და ლილიჩკამ მაშინვე იგრძნო, რომ მასა და მიშას მართლაც ჰქონდათ რაღაც საერთო და რომ სავსებით შესაძლებელი იყო, სწორედ მიშა ყოფილიყო ის ბიჭუნა „ჩვენი ოჯახიდან“. თუმცა, ამ გრძნობას ლილიჩკა ვერანაირად ვერ ხსნიდა.
ლილიჩკა კლასში ყველაზე პატარა იყო და, შესაბამისად, მიშამ ის ვერც შეამჩნია. ლილიჩკამ მამას და დედას გადახედა, მაგრამ ისინი აშკარად ნაკლებად დაკვირვებულნი იყვნენ და ყველაფერი ისე თავშეუკავებლად უხაროდათ, თითქოს ბავშვები ყოფილიყვნენ.
დედ-მამისთვის თვალის შევლებისას, ლილიჩკა ორი მერხით უკან მჯდომი გოგონას მზერას გადააწყდა, იმან კი თვალით ანიშნა მიშას მუქ ქერა, კულულებიან თმაზე და ჩაიჩურჩულა: „აფრო“. რა იყო „აფრო“, ლილიჩკამ არ იცოდა, მაგრამ შეხედა მიშას ვარცხნილობას, გაიფიქრა აფრიკასა და იქაურ ბავშვებზე, რომელთა ფოტოც ადრე ენახა მამას ჟურნალებში, და დასკვნა თავად გამოიტანა. „მაიკლ ჯექსონი“, – ჩასჩურჩულა სხვა გოგონამ, რომელიც მიშას უკან იჯდა და რომელსაც ლილიჩკას მზერა არ გამოჰპარვია. მაიკლ ჯექსონი ბოლო დროს ძალიან ჰგავდა მუმიას გრძელი, შავი, ტალღოვანი თმებით. ლილიჩკამ ერთხელ ტელევიზორში დაინახა და აერია სერიალის გმირში, მორტიშა ადამსში, მაგრამ, ასეა თუ ისე, კლიპების უმეტესობაში მაიკლის თითქმის მიშასნაირი ვარცხნილობაა ნაჩვენები.
ამის შემდეგ მასწავლებელი პირველკლასელის ღირსების შესახებ მოჰყვა ყველაფერს, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. იმ ღირსებისა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ოქტომბრელის ღირსება იყო, მაგრამ, ცხადია, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღებასთან ერთად, ოქტომბრელობამ აქტუალობა დაკარგა, ღირსება და დიდება კი პარტიის კურსს მიღმა აღმოჩნდა. მოკლედ, პირველი საზეიმო გაკვეთილის ბოლოს პირველი ტკბილი სუფრის დროც დადგა. ლილიჩკა ფიქრობდა, რომ პირველკლასელების პატივსაცემად ცოდნის მიღება დღეს დასრულდა და ცოტა იმედგაცრუებულიც კი დარჩა, რომ სასარგებლო ვერაფერი შეიძინა, თუ არ ჩავთვლით სიტყვა „აფროს“, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ახლა იწყებოდა ყველაზე საინტერესო – როგორც