ლუკი ბნელ საკუჭნაოში დაამწყვდიეს ერთი პატარა ქალაქის მყუდრო და ძველ გარეუბანში, აკაციის ხეებით დაბურულ ქუჩაზე, აგურის ლამაზ სახლში ცხოვრობდა პატარა ბიჭი, სახელად ლუკი. ამ ქუჩას აკაციების ქუჩას ეძახდნენ. გაზაფხულზე, როცა ხეები ყვაოდა, აქ გავლას არაფერი სჯობდა – ისეთი სასიამოვნო სურნელი იდგა, გაბრუვდებოდით.
ბიჭი ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყო, ამიტომ ონავარი ლუკი შეარქვეს. ლუკს ოთახი სახლის მანსარდაში ჰქონდა. ფანჯრები პირდაპირ ქუჩას გადაჰყურებდა. სარკმელი ისე ახლოს იყო აკაციის ტოტებთან, რომ მოენდომებინა, ყვავილებსაც კი შეაწყვეტდა.
თავგადასავლების მოყვარული ბიჭი საათობით ჩაიკეტებოდა ხოლმე თავის ოთახში და ოცნებებში მოგზაურობდა. ხან მეზღვაური იყო და ქარიშხალი დაუსახლებელ კუნძულზე გარიყავდა, ხან კი – ასტრონავტი, სარკმლიდან გაჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ოცნებობდა, სავსე მთვარეზე დაედგა ფეხი.
აი, ნახავთ, გავიზრდები და მთელ ცას გადავიფრენ, მთვარეზეც გავივლი, მარსზეც, უცხოპლანეტელებსაც გავიცნობ და სტუმრად დავპატიჟებ დედამიწაზეო, ეტყოდა ხოლმე ლუკი თავის დას, პატარა ლილის, რომელიც სხვებისაგან განსხვავებით, ყველაფერს იჯერებდა, რასაც მისი ძმა ამბობდა.
ჯერჯერობით კი, სანამ ბიჭს ვერცერთი ოცნება ვერ აეხდინა, ათასგვარ ოინბაზობას იგონებდა და ამით იქცევდა თავს. უფროსები ლუკს უცნაურ ბავშვად მიიჩნევდნენ. თუმცა, თვითონ ლუკი სულაც არ ფიქრობდა ასე. უცნაურს ვერაფერს ხედავდა იმაში, რომ ათასნაირ ნივთს აგროვებდა – ღილებს, დამტვრეულ ავტოკალმებს, ძირგავარდნილ ქოთნებს, ჭრელ კენჭებს, გამხმარ ბალახს, ხის ქერქისგან გამოჩორკნილ კაცუნებს, ლიმონათის ეტიკეტებს და უამრავ სხვა რამეს; როგორც ბებო ამბობდა, „ათას სისულელეს“. მამა კი ყველაფერს უბრალოდ ნაგავს ეძახდა.
ლუკს უცხო სიტყვების კოლექციაც ჰქონდა. რვეულსაც ასე წააწერა: „გაუგებარი სიტყვების კოლექცია“. როცა რომელიმე სიტყვას ვერ გაიგებდა, მაშინვე რვეულში იწერდა. მისი კოლექცია დღითიდღე იზრდებოდა და მდიდრდებოდა. მაგალითად, თუ ასო ი-ზე გადაშლიდით, წაიკითხავდით: „ინგრედიენტი“, „ინდულგენცია“, „ინდიფერენტული“, თუ რ-ზე – „რასიზმი“, „რევოლუცია“, „რეპრესია“, „რეპატრიაცია“ და სხვა.
ლუკს ამ სიტყვების მნიშვნელობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა და ჯერჯერობით არც აინტერესებდა. ამბობდა, როცა გავიზრდები, ალბათ ყველა მათგანის მნიშვნელობას გავიგებო, ჯერჯერობით კი მხოლოდ მათი შეგროვებით ირთობდა თავს.
ასე იყო თუ ისე, უფროსები ერთ რამეში თანხმდებოდნენ: სჯობს ონავარი ლუკი სახლში იჯდეს და ჯანდაბას მისი თავი, რაც უნდა ის აკეთოს, ოღონდაც მეზობლის ფანჯრებში მინებს ნუ ჩაამსხვრევს და ქუჩის ბიჭებთან მუშტი-კრივს ნუ გამართავსო. ბიჭიც ხან თვითნაკეთ რაკეტას ამზადებდა, ხან – ქაღალდის ფრანს. როცა ესეც მოჰბეზრდებოდა, ფანჯრიდან ისევ ქუჩაში მიძვრებოდა და შურდულით დასდევდა ჩიტებს.
ერთხელ მაწანწალა კატა დაიჭირა, ფეხებზე კაკლის ნაჭუჭები მიამაგრა და მეზობლის სახურავზე აუშვა. როცა შეწუხებული კატა აქეთ-იქით სირბილს მოჰყვა, შეშინებული მეზობლები ეზოში გამოცვივდნენ, ეგონათ, სახლი თავზე გვენგრევაო. ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა თავის დას, პატარა ლილის ლამაზად შეფუთული კოლოფით საჩუქარი მიართვა, მის ოინბაზობას წერტილი დაესვა – როგორც კი ლილიმ კოლოფი მოუთმენლად გახსნა, იქიდან კი კუდზე წითელბაფთამობმული თაგვი ამოძვრა. გოგონამ ისეთი კივილი მორთო, მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა.
მამამ გადაწყვიტა, ონავარი ლუკი სამაგალითოდ დაესაჯა და სახლის უკან, პატარა საკუჭნაოში უკრა თავი. გამოუცხადა, საღამომდე აქ იჯდები შენს საყვარელ თაგვებთან ერთად, იქნებ ჭკუა ახლა მაინც ისწავლოო.
რა უნდა ექნა ონავარ ლუკს?! ჩამოჯდა საკუჭნაოს კუთხეში და ჩაფიქრდა. შეეცადა, ოცნებაში ჩაფლულიყო და სადმე, ზღვის პირას ან უღრან ტყეში აღმოჩენილიყო, მაგრამ რამდენჯერაც თვალი მოხუჭა, იმდენჯერ თაგვების წრიპინმა დაუფრთხო მყუდროება.
სიბნელეში ჯდომა არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. თუმცა, მალე თვალი სიბნელეს მიეჩვია და კუთხეში მიყრილი ძველი თუნუქის ყუთების უკან პატარა კარიც შენიშნა. ქილები აქეთ-იქით მიმოყარა და კარის გაღებას შეეცადა, მაგრამ, საუბედუროდ, კარი დალურსმული აღმოჩნდა.
„რაღაც უნდა მოვიფიქრო, აბა, საღამომდე აქ რა გამაძლებინებს,“ – გაიფიქრა ბიჭმა და ძველმანებში რკინის ჯოხის მსგავსი საგნის ძებნა დაიწყო. იპოვა კიდეც. რკინის წვრილი, გრძელი ფირფიტა დალურსმულ ადგილას ჩაარჭო და თავისკენ მიიზიდა. ძველი კარი აჭრიალდა. ერთი, ორი, სამი... – თავს ძალა დაატანა ონავარმა ლუკმა და ჯერ ერთი ლურსმანი ამოაძრო კარიდან, მერე – მეორე და სულ მალე ბიჭმა კარი ფართოდ გააღო.
ცოტა არ იყოს, უცნაურად მოეჩვენა, რომ სინათლე არ შემოვიდა; არადა ვარაუდით, კარი ხომ ბაღში გადიოდა. ამ ფიქრებში გართულმა ზღურბლს გაუბედავად გადააბიჯა. ირგვლივ საშინლად ბნელოდა. ის იყო, უკან დაბრუნებას აპირებდა, რომ უცნაური ხმაური მოესმა და მისი მიმართულებით გაემართა.