წინასიტყვაობა ამ წიგნის მომავალი მკითხველი, უპირველესად ის იქნება, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი საკუთარივით აწუხებს.
თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ძალიან იშვიათად უხსნიან ქართველი პოლიტიკოსები, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მომავალი და არჩევანის გაკეთებაც ადამიანებს, არა პოლიტიკოსების პროგრამების, არამედ სულ სხვა ფაქტორების მიხედვით უწევთ.
ამ წიგნის ავტორები არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ მათ სწორედ ის დაწერეს, რისი წაკითხვაც დიდი ხანია მინდა.
მინდა ვიცოდე თუ როგორ ესახებათ საქართველოს მომავალი თანამედროვე ქართველებს (არა მარტო პოლიტიკოსებს) და მინდა ვიცოდე, რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, თუ გვსურს თანამედროვე სახელმწიფოში ცხოვრება.
დიახ, ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრე ქვეყანა, უნიკალური კულტურით და ლიტერატურით, დამწერლობით და პოლიფონიით, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამედროვე სახელმწიფო და ამ მიზნის მისაღწევად, კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
რასაკვირველია ამ წიგნში არა ზუსტი რეცეპტი, არამედ კონკრეტული ავტორების სუბიექტური აზრია ახალი ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად და რასაკვირველია ამ ტექსტს ეყოლება როგორც მომხრეები, ასევე კრიტიკოსები, მაგრამ ამ წიგნის ავტორთა სურვილი, ესეც არის - ქართულმა საზოგადოებამ დაიწყოს საუბარი, დიალოგი და კამათი მთავარ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
დიახ, ჩვენ ხშირად ვერ ვთანხმდებით ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ეს შეიძლება არც იყოს ტრაგიკული, თუმცა აუცილებელია შეთანხმება მთავართან დაკავშირებით - აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ რომ ეს ჩვენი სამშობლოა და როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთისგან, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი უზენაესობის აღიარება.
ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სამართალი, ყველასათვის მისაღები და უპირველესია და რამდენადაც არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვენი გზები და ფიქრები ერთმანეთისგან, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის აზრებს.
და იქნებ სწორედ ეს წიგნი იქცეს იმ დიალოგის დასაწყისად, რომელიც ყველას გვჭირდება...
დათო ტურაშვილი