ნაწილი პირველი - ბნელი ხეივნები
ქალაქ ტულისკენ მიმავალ ერთ ფართო, ატალახებულ, ბორბლის კვლებით დაღარულ გზაზე იდგა მოგრძო ქოხმახი, რომლის ერთი მხარე სახელმწიფო ფოსტის სადგურს ეჭირა, ხოლო მეორე – კერძო სამიკიტნოს, სადაც დასვენება, ღამის თევა, წახემსება თუ სამოვრის შეკვეთა შეიძლებოდა. ერთხელ, შემოდგომის სუსხიან ავდარში, ამ ქოხთან ერთიანად ლაფში ამოთხვრილი, ნახევრად სახურავგადახდილი ტარანტასი (გრძელი ოთხთვლიანი სამგზავრო ეტლი) მოგორდა. შიგ სამი ტალახში კუდამოგანგლული უბრალო ცხენი ება. კოფოზე მჯდომ სერიოზულ, სახეჩათხრობილ ჯიჯგვ გლეხკაცს არმიაკზე (უხეში ქსოვილით შეკერილი მამაკაცის ზედა სამოსი ძველ რუსეთში) ქამარი მჭიდროდ შემოერტყა, შავი მეჩხერი წვერი წარსულიდან გადმოსულ ავაზაკს ამსგავსებდა, ხოლო შიგ ტარანტასში აღნაგი მოხუცი სამხედრო პირი იჯდა. თავზე მოზრდილი კარტუზი ეხურა, ტანთ ნიკოლოზის არმიის რუხი შინელი ემოსა, წავის ბეწვით გაწყობილი საყელო კისერზე ამოეწია, წარბები ჯერაც შავად გადარკალოდა, მაგრამ სრულიად ჭაღარა ულვაში ასევე თეთრად გადაპენტილ ქილვაშებს ერთოდა. ნიკაპი სუფთად გაეპარსა და გარეგნულად, მთლიანობაში, ალექსანდრე მეორეს მიმსგავსებოდა, რაც ესოდენ მოდური გახლდათ მისი ხელმწიფობის დროინდელ სამხედრო პირთა შორის; სახეზე მასაც მომთხოვნი, მკაცრი, თუმც იმავდროს, გადაქანცული იერი ედო.
ცხენები რომ შეჩერდნენ, მოხუცმა ტარანტასიდან მაღალყელიანი სამხედრო ჩექმით მოსილი ფეხი გადმოყო, ნატის ხელთათმანებში ჩათბუნებული ხელებით შინელის კალთები აიწია და ქოხის პარმაღთან მიცუხცუხდა.
– მარცხნივ, თქვენო აღმატებულებავ, – უხეშად გადმოსძახა მეეტლემ კოფოდან და მანაც თავი დახარა, რადგან ერთობ მაღალი გახლდათ საიმისოდ, რომ წინკარში შეტეულიყო, მერე კი მარცხნივ მდებარე ოთახს მიაშურა.
ოთახში თბილოდა, სიმშრალე და სიამე იდგა: მარცხენა კუთხეში ახალი ოქროცურვილი ხატი ესვენა, მის ქვემოთ, მაგიდაზე, სუფთა სადა სუფრა ეფარა. მაგიდასთან კარგად გაპრიალებული ძელსკამები მიედგათ, მთელი მარჯვენა კუთხე ცარცით ახლად შეთეთრებულ სამზარეულოს ღუმელს ეკავა, იქვე რაღაც ტახტისმაგვარი იდგა, ზედ ჭრელი ჩული ეფარა და გვერდით ღუმელს მიჰბჯენოდა. ღუმლის ჭრილიდან შჩის – ჩახარშული კომბოსტოს, ძროხის ხორცისა და დაფნის ფოთლის ნაზავის სურნელება იფრქვეოდა.
მოსულმა შინელი ძელსკამზე მიაგდო და მხოლოდ მუნდირსა და ჩექმებში კიდევ უფრო ახოვანი გამოჩნდა. მერე ხელთათმანები წაიძრო, კარტუზი მოიხადა და დაქანცულმა ფერმკრთალი ხმელი ხელი თავზე გადაისვა – საფეთქლებთან ოდნავ დატალღული ჭაღარა თმა თვალის კუთხეებთან ჩამოშლოდა, მოგრძო, შავთვალა, ლამაზ პირისახეზე ძლივსშესამჩნევი ნაყვავილარი ეტყობოდა. ოთახში არავინ იყო, მოხუცმა წინკარში მკვახედ გასძახა:
– აბა, რომელი ხართ მანდ?!
მყისვე ოთახში მუქთმიანი, აგრეთვე შავთვალწარბა და ასევე ასაკისთვის შეუფერებლად ლამაზი ქალი შემოვიდა, ხანშიშესულ ბოშას ჰგავდა – შავი ღინღლით ტუჩს ზემოთ და ყურების გარშემო, მსუბუქად მოარული, თუმცა შეთქვირებული, წითელ კოფთაში ჩაწყობილი ვეება ძუძუებითა და შალის შავი კაბიდან გამობერილი ბატივით სამკუთხა მუცლით.
– თქვენს მობრძანებას სალამი, თქვენო აღმატებულებავ, – წარმოთქვა მან, – მიირთმევთ რამეს თუ სამოვარი დავადგა?
სტუმარმა მსწრაფლ შეათვალიერა მისი მრგვალი ბეჭები და გაცვეთილი წითელი თათრული ფეხსაცმლით მოსილი მსუბუქი კოჭები, თან დაუდევრად უპასუხა:
– სამოვარი. მასპინძელი ხარ თუ მოსამსახურე?
– მასპინძელი, თქვენო აღმატებულებავ.
– მაშ, საქმეს თვითონ უძღვები?
– დიახ, ვუძღვები.
– მერედა ეგრე რატომ? ქვრივი ხარ, საქმეს თვითონ რომ უძღვები?
– ქვრივი არ ვარ, თქვენო აღმატებულებავ, მაგრამ ცხოვრების სახსარიც ხომ საჭიროა? თან მიყვარს მეურნეობა.
– ძალიანაც კარგი. ეს რა სისუფთავე დაგიმყარებია, ყოჩაღ.
ქალი ამ ხნის განმავლობაში გამომცდელად აცქერდებოდა კაცს, თვალებმოჭუტული.
– სისუფთავეც მიყვარს, – მიუგო, – მე ხომ ბატონთა ხელში გავიზარდე, აბა, ღირსეულად რომ არ მოვიქცე, როგორ გამოვა, ნიკოლაი ალექსეევიჩ.
კაცი სწრაფად წამოიმართა, თვალები ჭყიტა და გაწითლდა.
– ნადეჟდა! შენ ხარ? – უმალ წამოიძახა.
– მე ვარ, ნიკოლაი ალექსეევიჩ, – უპასუხა ქალმა.
– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, – აგრძელებდა კაცი ქოთქოთს და ძელსკამზე ჩამომჯდარი ქალს თვალს არ აცილებდა, – ამას რას წარმოვიდგენდი! რამდენი წელია არ მინახიხარ? ოცდათხუთმეტი?
– ოცდაათი, ნიკოლაი ალექსეევიჩ. ახლა ორმოცდარვა წლის ვარ, თქვენ კი სამოცამდე უნდა იყოთ, მგონი.
– ეგრე გამოდის... ღმერთო ჩემო, რა საოცრებაა!
– რამ გაგაოცათ, ბატონო?
– ამან, ამ ყველაფერმა... ნუთუ ვერ ხვდები!
დაღლილობა და დაბნეულობა ჩამოიშორა, წამოდგა და ოთახში გამალებულ ბოლთის ცემას მოჰყვა, თან იატაკს დაშტერებოდა. მერე გაჩერდა, ჭაღარით მოსილი სახე წამოუჭარხლდა და ალაპარაკდა:
– იმ ხნის შემდგომ შენი აღარაფერი ვიცი. აქ საიდან აღმოჩნდი? ბატონებთან რად არ დარჩი?
– ქალბატონმა მალე თავისუფლების ქაღალდი მიბოძა.
– მერე სად ცხოვრობდი?
– გრძელი ამბავია, ბატონო.
– მაშ არ გათხოვილხარ?
– არა, არ გავთხოვილვარ.
– რატომ? შენი