ხელიხელსაგოგმანები „მაშრიყით მაღრიბამდე“ - საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე
მონღოლები მიუვალი ციხე-სიმაგრის, ალამუთის ასაღებად ემზადებიან, მათ ლაშქარში იძულებით წამოყვანილი ქართველებიც რომ ურევიან.
და აი, დილასისხამზე მონღოლთა ბანაკი უნდა აეფორიაქებინა იდუმალად მოკლული ჩაღატა-ნოინის ხილვას, და ეჭვი ქართველებზე მიეტანათ, სხვა ვინ მოკლავდა, თუ არა ისინიო.
თუმც ჩარმაღან-ნოინი მტკიცებას დაუწყებდა თვისტომთ:
არა სჩვევიათ ქართველებს ფარულად კაცის მკვლელობაო!
ვერას გააწყობდა და:
მონღოლები სისხლმოწყურებულნი დაიძრებოდნენ მცირერიცხოვანი ქართველებისკენ, რომელთაც საშველი არსაიდან მოეპოვებოდათ და ლოცვასღა მინდობოდნენ.
და ამ დროს უნდა მოვლენოდათ მათ მხსნელად ის სასწაული, უეცრად ლერწმოვანიდან ვიღაც უცნობი რომ გამოვარდა, მაღლა შემართა წითლად შეღებილი ლახვარი და ხმამაღლა იყვირა:
– მე მოვკალი ჩაღატა...
და ის უცნობი უნდა აღმოჩენილიყო მულიდი და მულიდთა შორის საჩინო, წარმომადგენელი ისმაილიტთა სექტისა, რომლის წიაღშიც უნდა გაცოცხლებულიყო ფანატიზმი და მას პირწმინდად პოლიტიკური მიმართულება მინიჭებოდა, ბრძოლის მეთოდად კი, ძირითადად, გამოეყენებინათ ტერორისტული აქტები, რომელთაც ახორციელებდნენ ფიდაები, საგულდაგულოდ რომ იწვრთნებოდნენ არამარტო იარაღის ხმარებაში, დაღლილობის ატანასა და შენიღბვის ხელოვნებაში, არამედ ზოგჯერ – ევროპულ ენებშიც.
და თუმც ფიდაების სიცოცხლე ყოველთვის ბეწვზე ეკიდებოდა და იშვიათად ეწერათ გადარჩენა, ეს გარდუვალი საფრთხე ხიბლავდათ სწორედ და უყვარდათ დავალების შესრულება საჯაროდ, დრამატულ სტილში, როდესაც თავს დაესხმოდნენ ამირას მეჩეთში პარასკეობით და ქრისტიან ჰერცოგს – ეკლესიაში კვირაობით, სალოცავად შეყრილი აუარება ხალხის თვალწინ.
მათაც დაუდგებოდათ თავიანთი აღსასრული, მონღოლები ალამუთის ციხის აღებისთანავე დედაწულიანად რომ ამოწყვეტდნენ მულიდებს, იგივე ასასინებს.
მათ მღელვარე, დრამატიზმით აღსავსე თავგადასავალს მოჰყვებოდა ისტორიკოსიც.
მოჰყვებოდა ბელეტრისტიც.
და მოჰყვებოდა დოკუმენტური პროზის ოსტატიც, რის თვალსაჩინო ნიმუშადაც წარმოდგება თამაზ ნატროშვილი და მისი „მაშრიყით მაღრიბამდე“ – განსაკუთრებული ნიშა რომ უნდა ეპოვნა ორიგინალურობითაც და გამორჩეული ღირსებების წყალობითაც.
„მე ვარ მულიდი“ კი ამ დიდებული წიგნის გამხსნელი ყოფილიყო.
ჟამთააღმწერელთ სჩვევიათ მომხიბლავი, ექსპრესიული, ხატოვანი თხრობა, მკითხველს ძალდაუტანებლად რომ აიყოლიებს და იმ მოვლენების შუაგულში მოაქცევს, თვითმხილველივითაც რომ განაცდევინებს უმძაფრეს, დრამატიზმითა და ტრაგიზმით აღსავსე ეპიზოდებს გარკვეული ჟამისა.
ეს არის ჟამთააღმწერელთა მოვალეობა – ყოველივე შემოინახონ ისე, ყოფით რეალობაში როგორც აღსრულებულიყო, და აქციონ თავისებურ ეპოსად, უამრავი ისტორიული პერსონაჟით, ყველას მოქმედება თუ თავგადასავალი თავისებურად სანიმუშო რომ არის:
ზოგი იმ მხრივ:
თუ ვინ უნდა გაიხადო სულიერ და ზნეობრივ ორიენტირად!
ზოგი კი იმ მხრივ:
თუ როგორ არ უნდა მოიქცე, ვის გზას უნდა შეაქციო ზურგი!
მიუხედავად თხრობის მომხიბლაობისა და ისტორიულ პერსონაჟთა კოლორიტული გალერეისა, მემატიანენი ბევრ რაიმეს დაწურულად, შეკუმშულად გადმოგვცემენ და... მკითხველს ხშირად იპყრობს ცნობისწადილი, უფრო ღრმად ჩაიხედოს ძუნწად მოთხრობილი ამბების წიაღში, უფრო დეტალურად მიადევნოს მზერა ამა თუ იმ ისტორიული პირის თავგადასავალს.
ამიტომაც ცდილობენ მწერლები წარმოსახვით შეავსონ ჟამთააღმწერელთა ცნობები თუ მონათხრობი და აქციონ ისტორიულ მოთხრობებად და რომანებად, გააცოცხლონ გაქვავებული დრო და გარემო.
ცდილობენ წარსული ეპოქის კოლორიტი შეუნარჩუნონ ახალ მონათხრობს, თუმც უმთავრესად მაინც თავიანთ თანადროულ პრობლემატიკას გამოხატავენ, უპირატესად მათ ირგვლივ არსებულ მოვლენებს უკვირდებიან და ამ გადასახედიდან ლამობენ ისტორიული ფონის მეტ-ნაკლები სიზუსტით აღდგენას.
თავისი დიდი და გამორჩეული მნიშვნელობა მოუპოვებია ისტორიულ პროზას – და პოეზიასაც და დრამატურგიასაც არანაკლები! – ქართული მწერლობაც რომ დამშვენებულა დიდებული სახელებით, ჯერ მარტო ვასილ ბარნოვის ისტორიული მოთხრობები და რომანები რად ღირს, უოლტერ სკოტის რომანთა სიმაღლემდე აზიდული და მხატვრულ ქართლის ცხოვრებად შეკრული... მართლაც რომ ვეება მონუმენტი!..
და კიდევ:
ალექსანდრე ყაზბეგი, შალვა დადიანი, ნიკო ლორთქიფანიძე, აკაკი წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, გგრიგოლ აბაშიძე და მათი რომანების წყება...
ძვირფასი მონაპოვარი, ყმაწვილთა სულიერი ჩამოყალიბებისთვის ასერიგად მნიშვნელოვანი, წარსულს წარსულადაც რომ განაცდევინებთ, თანადროულობადაც და მომავლადაც და ხელშესახებად უქცევენ ილია ჭავჭავაძის ეთიკურ და ეროვნულ ფორმულას:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმაო!.
თავისი მნიშვნელობა აქვს დაუშრეტელი ფანტაზიით წარმოსახულ სურათებს, მაგრამ უსათუოდ უნდა არსებულიყო ის ნაირსახეობაც ისტორიული ნოველისა, რომელიც გაშლით გაშლიდა მემატიანეთა ძუნწ ცნობებსა თუ დაწურულ სურათებს, თუმც ძალიანაც არ აამოქმედებდა ფანტაზიას და დოკუმენტურობის ჩარჩოში იტრიალებდა.
ეს კი ძალზე რთულია და მოითხოვს სპეციფიკურ ნიჭსა და უნარს, ისევე როგორც ბიოგრაფიული რომანის შექმნა:
უფლება არა გაქვს რაიმე გადახვევის, მიმატების, გამოკლების, ოდნავი, სულ ოდნავი გადასხვაფერების – თხრობის კიდევ უფრო გასამძაფრებლად თუ დასამუხტად.
ვერც სახასიათო შტრიხებს მიუმატებ.
ვერც ეპიზოდებს გადააკეთებ, ვერ მოარგებ ერთიმეორეს სხვადასხვა ამბებს, როგორც უნდა გეცმადუნებოდეს ხელი და ისტორიული რომანის შექმნისას მარჯვედაც შეუხამებდი და გადააბამდი ერთმანეთს.
შემოზღუდული ხარ, ძალზე შემოზღუდული.
და ასეთ პირობებში:
შენი თხრობა ექსპრესიითა და მომხიბვლელობით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მხატვრულ თხზულებათა