შესავალი მანქანაზე ნაბეჭდი 673-გვერდიანი ტექსტის არშიებზე მინაწერის მიხედვით, რომელიც მუყაოს ყუთში მაქვს შენახული სხვენზე, „ჩიტის გალობის“ წერა 1992 წლის 10 ივნისს დავიწყე და 1993 წლის 9 იანვრის დილას დავასრულე. ხელნაწერის გარდა, ყუთში დევს მურაბის მომცრო ქილაც, რომელსაც ეტიკეტზე აწერია „CONFITURE À L’ANCIENNE, GELÉE DE CASSIS“ (ფრ. მურაბა ძველი რეცეპტით. შავი მოცხარის ჟელე.), ეტიკეტის ზედა მხარეს კი ხელით მიმიწერია, „სომის მიწა, ბომონ-ამელი, სანკენ-როუდი“.
ქილის ქვეშ სქელყდიანი ლურჯი ბლოკნოტი დევს, ცალხაზიანი, A4 ფორმატის, მასში ზემოთ ნახსენები წიგნის ქაოსური მონახაზებია, რომელთაც მაშინ, პირობითად, „ივლისის მიწურული“ ვუწოდე. ერთ გვერდზე მეორეხარისხოვანი პერსონაჟების სახელებია მიჯღაბნილი, მათ შორის „ნაწილის მეთაური, კაპიტანი ვუდვისი“. ეს სახელი გადამიხაზავს და ზემოდან „გრეი“ მიმიწერია (ამ გადაწყვეტილებამ მოგვიანებით ძალიან გაურთულა საქმე მის ქალიშვილს). დახაზულია გვირაბების რთული სისტემაც, სადაც სტივენი და ჯეკი გამოიკეტნენ. იქვე ქრონოლოგიური ხაზის შექმნაც მიცდია, შენიშვნით: „პირველ ნაწილში ფურმანტიეს გოგონების ასაკი მაქვს შესაცვლელი“.
ყველაზე მეტად იმის გახსენება მაოცებს, დიდად რომ არ ვემზადებოდი ასეთი ამბიციური რომანის დასაწერად, მაგრამ, ალბათ, დიდი ხანი იყო, მსურდა მისი შექმნა, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი. „ჩიტის გალობა“ რომ დავწერე, 39 წლის ვიყავი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის თემაზე დიდი ხანია ვფიქრობდი, 12 წლის ასაკიდან, იმ დროიდან, სკოლაში რომ ვსწავლობდი. მახსოვს, 11 ნოემბრისთვის დამავალეს სკოლაში, წამეკითხა იმ ბიჭების სახელები და გვარები, რომლებიც პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაიღუპნენ. ჩვენი სკოლა ძალიან პატარა იყო, აი, სია კი კარგა გრძელი გამოვიდა და ისე ვინერვიულე, მეორე დღეს ყელი ამტკივდა და გაკვეთილებიდან გამათავისუფლეს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ პირველი მსოფლიო ომი, გარკვეულწილად, ტაბუდადებული თემა იყო. მახსოვს, ჩვენი ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ხატოვნად გვიამბობდა „პურის კანონზე“(„პურის კანონი“ (ინგ. Corn Lawvs) - კანონი, რომელიც მიიღო დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 1815 წელს ფერმერების, მემამულეებისა და ადგილობრივი პროდუქციის სხვა ქვეყნების იაფი ხორბლის კონკურენციისგან დასაცავად.) თუ სტიუარტებზე, ამ დიდი ომის თემას მიუახლოვდა თუ არა, ლამის სუნთქვა შეეკრა, თავი ნაღვლიანად გადააქნია და სწრაფად ჩაამთავრა. სწორედ მაშინ დამებადა ასეთი აზრი: „ერთ დღეს აუცილებლად გავარკვევ, რაშია საქმე“.
რომანზე „გოგონა „Lion d’Or“-დან მუშაობისას, რომელიც 1989 წელს გამოვიდა, 1930-იანი წლების საფრანგეთის ისტორია გამოვიკვლიე; მთავარი პერსონაჟი ოც წელს გადაცილებული ოფიციანტი გოგონაა, რომელსაც ბავშვობის ტრავმა ტანჯავს, რომელიც, ჩემი მარტივი გამოთვლებით, დიდი ომის მსვლელობისას უნდა მიეღო. თავიდან ვცადე ეს ამ კონფლიქტისთვის არ დამეკავშირებინა, რადგან ომი ნამდვილი პანდორას ყუთი იყო, რომლის გახსნისთვისაც მზად არ ვიყავი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე, გამერისკა და პირველ რიგში დავიწყე გი პედრონსინის წიგნით, „1917 წლის ამბოხებებით“, რომელსაც ნანტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მივაგენი (კვლევის გამო მოგზაურობაც ხშირად მიწევდა ხოლმე, ინტერნეტის გამოგონებამდე). გადავიკითხე ალისტერ ჰოუმის „დიდების ფასიც“, რომელიც ვერდენის ბრძოლაზე მოგვითხრობს (რობერტ პექსტონის „ვიშის საფრანგეთთან“ ერთად), რამაც სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა XX საუკუნის საფრანგეთზე. 1988 წელს ლონდონში გაზეთ „ინდეფენდენტის“ ლიტერატურულ რედაქტორად ვმუშაობდი და საზავო ხელშეკრულების დადებიდან 70-ე წლისთავზე რედაქციაში ბლომად ახალი წიგნი შემოგვივიდა ამ თემაზე. განსაკუთრებით დამაინტერესა ერთმა, რომელიც გვირაბებში ოპერაციებს შეეხებოდა. მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, გვირაბებში, იმდენად დაბალში, რომ კაცი წელშიც ვერ გაიმართებოდა, კიდევ ერთი ომი თუ მიმდინარეობდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი ყოფილა ჯოჯოხეთში! ამ წიგნში ამოვიკითხე იადონის ამბავიც, რომელიც მიწის ქვეშ აღმოჩნდა, და ზემოთ ამოიყვანა იმ ოფიცერმა, რომელსაც ფრინველების შიში ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ ნაწარმოებებში ხშირად იყო ნახსენები ჩიტების გალობა ომის შედარებით მშვიდი ეპიზოდების განმავლობაში, და იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი მამაკაცისთვის ეს სიცოცხლის გაგრძელების იმედისმომცემი ნიშანი იყო, ეს ნაწარმოებიც გულის სიღრმემდე ჩამწვდა, რადგან ზემოთქმული ამ რთული ომის შესახებ სიმბოლურად მეჩვენა.
1988 წლის ნოემბერში გაზეთმა ვეტერანებთან ერთად დასავლეთის ფრონტის ადგილებში გამგზავნა მივლინებაში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ისტორიკოსი ლინ მაკდონალდი. ნევ-შაპელისა და ობერს-რიჯის მიწაზე იმ ადამიანებთან ერთად ვიდექი, რომლებიც აქ 1915 წელს იბრძოდნენ; ერთმა მათგანმა ხელი ჩამკიდა, როდესაც მომითხრობდა იმ დაღუპულ მეგობარზე, რომლის ნეშტის ნაწილებიც სათითაოდ აეკრიფა მიწიდან და ტომარაში ჩაეწყო, შეტევის წინ კი სანგარში ჩაემარხა. „თითოეული ნაწილი ცხვრის ფეხზე დიდი არ იქნებოდა“, - დასძინა ბოლოს. იმ ზამთრის დილას, თექვსმეტი წლის წინათ, ომი „ისტორიის“ კატეგორიას გასცდა ჩემთვის და რეალობად იქცა. ის თითქოს იმწუთას ხდებოდა, ცოცხლობდა იმ მოხუც კაცში, ჩემთვის ხელი რომ ჰქონდა ჩაკიდებული, ხორცი შეესხა. ამ დროიდან, ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო,