წინასიტყვაობა 1945 წლის ადრიან გაზაფხულზე, იმ დროს, როდესაც „უოლდენ ორი“ დავწერე, დასავლურ ცივილიზაციას საუკეთესო ხანა დაუდგა. ჰიტლერი მკვდარი იყო და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული რეჟიმის აღსასრული ახლოვდებოდა. ოცდაათიანი წლების დეპრესია დავიწყებას მიეცა. კომუნიზმი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, რაკი რუსეთი სანდო მოკავშირედ იქცა. ორი-სამი თვე დარჩენილიყო, სანამ ჰიროსიმას მიწაზე ახალ საზარელ იარაღს გამოცდიდნენ. რამდენიმე ქალაქი, უბრალოდ, ნისლში გაეხვა, სხვა მხრივ, ზოგადად, გარემოზე არავინ წუხდა. ყველგან იგრძნობდი ომიანობის ჟამს წარმოქმნილ დეფიციტს, მაგრამ ინდუსტრია მალე ამუშავდებოდა და განუსაზღვრელ რესურსებს მიუძღვნიდნენ განუსაზღვრელი სურვილების დაკმაყოფილებას. ინდუსტრიულმა რევოლუციამ, როგორც ამბობდნენ, თომას რობერტ მალთუსის ხმა ჩაახშო.
„უოლდენ ორის“ შექმნისაკენ პირადმა უკმაყოფილებებმა მიბიძგა. ვხედავდი, ჩემი ცოლი და მისი მეგობრები როგორ ირჯებოდნენ, რომ ოჯახური ყოველდღიურობისგან თავი დაეხსნათ, როგორ ჯავრობდნენ, როდესაც ათასგვარ ბლანკს ავსებდნენ და იძულებულნი იყვნენ პროფესიის გრაფაში მიეთითებინათ – „დიასახლისი“. ჩვენმა უფროსმა ქალიშვილმა ის იყო პირველი კლასი დახურა და ისე არაფერი მაფიქრებდა განათლების რაობაზე, როგორც პირველი შვილის სკოლაში გატარებული პირველი წელიწადი. მალე მინესოტას დავტოვებდით და ინდიანაში დავსახლდებოდით, და გამალებული ჩვენთვის საცხოვრისს ვეძებდი. წარსულში ვტოვებდი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების ჯგუფს, ასე მარჯვედ რომ იტანდა ჩემს არცთუ დახვეწილ ურთიერთობას ფორტეპიანოსთან და არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მათ შემცვლელს ოდესმე ვიპოვიდი. გუგენჰეიმის გრანტზე მუშაობის ნაყოფიერი ერთი წელი დავასრულე და ინდიანას უნივერსიტეტში დეპარტამენტის თავმჯდომარეობას დავთანხმდი, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყოდი, კიდევ როდის მომეცემოდა შესაძლებლობა, დრო კვლევისა და მეცნიერებისთვის დამეთმო. ნუთუ, ასეთი პრობლემიდან გამოსავალი არ არსებობდა? შემთხვევით, ქცევათმეცნიერება ხომ ვერ შეძლებდა რაიმეს შეცვლას?
იქნებ, მართლაც ჯობდა, ამ პატარა პროვინციულ ამოცანებთან დამეჭრა საქმე, რადგან, ალბათ, გამბედაობა არ მეყოფოდა, უფრო დიდ პრობლემებს შევჭიდებოდი. ნაშრომში „ორგანიზმების ქცევა“, რომელიც შვიდი წლით ადრე გამოიცა, ჩემი შედეგების ლაბორატორიის მიღმა გამოყენებაზე უარს ვაცხადებდი. „დაე, ექსტრაპოლაცია, ვისაც ნებავს, იმან იკისროს“, – განვაცხადე. მაგრამ, ცხადია, ვარაუდებს გამოვთქვამდი იმ ტექნოლოგიის მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც ქცევათმეცნიერება მოიცავდა. ბოლო ხანებში ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობას სერიოზულად ვეკიდებოდი, რადგან თვეში ერთხელ ფილოსოფოსებისა და კრიტიკოსების ჯგუფს ვხვდებოდი (მათ შორის ჰერბერტ ფიგელს, ობრი კასტელსა და რობერტ პენ უორენს). ადამიანის ქცევის კონტროლი ჩვენს განხილვებში საუბრის მთავარ საგნად გამოიკვეთა.
ის, რომ ეს ყველაფერი თავს მოიყრიდა ნოველაში უტოპიური გაერთიანების შესახებ, როგორც ჩანს, უკავშირდება ერთ გარემოებას. ჩემმა კოლეგამ, ელის ფ. ტაილერმა მისახსოვრა ეგზემპლარი თავისი ახალი წიგნისა – „თავისუფლების გამოღვიძება“, XIX საუკუნის ამერიკული პერფექციონისტული მოძრაობების კვლევა. ინდიანაში გადასვლამდე ორი თვე რჩებოდა, როდესაც გადავწყვიტე დამეწერა ჯგუფის, ვთქვათ, ათასიოდე ადამიანის შესახებ, რომლებიც ცხოვრების ყოფითი პრობლემების გადაჭრას ბიჰევიორისტული ინჟინერიის (ბიჰევიორიზმი, იგივე ქცევათმეცნიერება ფსიქოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა. ბიჰევიორიზმის მთავარი დებულების მიხედვით, ყველა ქცევა უბრალოდ გარემო სტიმულზე საპასუხოდ აღმოცენდება და თითქმის ყველა ქცევა დასწავლილია. დასწავლა ხორციელდება მაშინ, როდესაც ყალიბდება კავშირი სტიმულსა და რეაქციას შორის. ბ. ფ. სკინერი რადიკალური ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. სწორედ სკინერმა აღმოაჩინა დასწავლის ფორმა „ოპერანტული განპირობებულობა“. ტერმინი „ოპერანტული“ ნიშნავს გარემოზე გავლენას, მასზე ზემოქმედებას.
ბიჰევიორისტული ინჟინერია მიზნად ისახავს ქცევის მოდიფიკაციას პირობითი და ოპერანტული განმტკიცების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ტერმინების ვრცელი განმარტება იხილეთ ქვემოთ).) დახმარებით შეძლებდნენ.
ორმა გამომცემელმა „უოლდენ ორის“ გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა და მაკმილანი გამოცემას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ ნაშრომს სიტყვას წავუმძღვარებდი. იმ დროისათვის აღნიშნული სარედაქციო შენიშვნები საკმაოდ მართებული აღმოჩნდა. რამდენიმე გამორჩეული კრიტიკოსი ნაშრომს სერიოზულად მიუდგა, მაგრამ მაინც, წიგნი პუბლიკამ ორი ათეული წლის განმავლობაში თაროზე შემოდო. შემდეგ გაყიდვებმა იმატა და წლიური გაყიდვები რთული პროცენტის მრუდზე განუხრელად იზრდებოდა.
ჩემი აზრით, ინტერესის გამოღვიძების ორი მიზეზი არსებობდა. „ქცევითი ინჟინერია (ტექსტში ქცევითი და ბიჰევიორისტული/ქცევათმეცნიერება და ბიჰევიორიზმი ურთიერთჩანაცვლებადი ტერმინებია.)“, რომელსაც წიგნში ასე ხშირად მოვიხსენიებდი, იმ დროისათვის წარმოუდგენლად აღარ მიაჩნდათ. ვფიქრობდი, რომ ქცევის ექსპერიმენტული ანალიზის პრაქტიკული პრობლემებისთვის მისადაგება შესაძლებელი იყო, მაგრამ ამის მტკიცებულება ჯერ არ გამაჩნდა. თუმცა, 1950-იან წლებში გაჩნდა ჩანასახი იმისა, რაც მოგვიანებით პუბლიკამ გაიცნო როგორც ქცევის მოდიფიკაცია. ადრეული ექსპერიმენტები ტარდებოდა ფსიქოტურ და გონებაჩამორჩენილ ადამიანებზე და შემდგომ დასწავლის მანქანებსა და პროგრამირებულ სწავლებაზე, ამასთან, ზოგიერთი ასეთი ექსპერიმენტი ტარდებოდა გარემოში, რომელიც, თავისი არსით, საზოგადოებებს წარმოადგენდა. ხოლო სამოციან წლებში მათი გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიც კონსულტირება და მოქმედების აღმძვრელი სისტემების შემუშავებაა, კიდევ უფრო დაუახლოვდა იმას, რაც „უოლდენ ორში“ აღვწერე. ქცევის ტექნოლოგია წარმოსახვის ნაყოფს აღარ წარმოადგენდა. მართლაც, მრავალი ადამიანისათვის იგი ერთბაშად ხელშესახებ რეალობად