უცხოობის განცდა – უმთავრესი ადამიანური გამოცდილება. ელიას ხურის „ქალაქის კარიბჭეები“
არაბულ პოსტმოდერნულ ლიტერატურაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ნოველისტის, რომანისტისა და ლიტერატურული კრიტიკოსის, ელიას ხურის სახელის ხსენებას. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ლიბანელი მწერალია. ელიას ხურის დაბადების წელს (1948) ემთხვევა პალესტინელ ლტოლვილთა დიდი ნაკადის შესვლა ლიბანსა და იორდანიაში XX საუკუნის ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ცნობილი კონფლიქტის შემდეგ. შესაბამისად, მისი ცხოვრება დაბადებიდანვე პალესტინური პრობლემითაა მოცული. 1967 წელს ჯერ კიდევ 19 წლის ელიას ხური იორდანიაში გაემგზავრა, იქ პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკები მოინახულა და მოხალისედ ჩაეწერა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ყველაზე მებრძოლ ფრთაში – ფათაჰში, იორდანიიდან კი დაბრუნდა ათასობით პალესტინელის გაძევებისა და დახოცვის შემდეგ, რაც 1970 წლის სექტემბერში მეფე ჰასანის ჩამოგდების მცდელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ის პარიზში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც 1860 წელს მთიან ლიბანში მარონიტებისა და დრუზების სამოქალაქო ომამდე მისულ კონფლიქტზე დაიცვა დისერტაცია. შემდეგ ელიას ხური ლიბანში დაბრუნდა და ბეირუთში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის კვლევით ცენტრში დაიწყო მუშაობა. ის მონაწილეობდა 1975 წელს გაჩაღებულ ლიბანის სამოქალაქო ომშიც.
ჟურნალისტური საქმიანობა ელიას ხურიმ 1972 წლიდან დაიწყო, როცა ის ჟურნალ „მავაკიფის“ სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა, ამავე საბჭოში იყვნენ ცნობილი პოეტები – სირიელი ადონისი და პალესტინელი მაჰმუდ დარვიში. 1983-1990 წლებში ელიას ხური უძღვებოდა გაზეთ „საფირის“ კულტურულ განყოფილებას, გაზეთ „ნაჰარის“ ლიტერატურულ დამატებას. მისი საგანმანათლებლო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან აღსანიშნავია სალექციო კურსები კოლუმბიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში, ასევე ლიბანის უნივერსიტეტსა და ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში.
ლიტერატურულ ასპარეზზე ელიას ხური 1975 წელს გამოვიდა, სწორედ ამ დროიდან აქვეყნებს ის თავის რომანებსა და ნოველათა კრებულებს, სულ 10 რომანი აქვს გამოცემული, რომლებიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ხური მიიჩნევს, რომ მწერალი თავისი ეპოქის განუყოფელი მდგენელია, მწერლის თავისუფლება თავისი პირადი სივრცე როდია, ის საზოგადოების თავისუფლების ნაწილია. მწერლური პასუხისმგებლობა კი საკუთარი საზოგადოების რეალობაზე ზნეობრივი პასუხისმგებლობაა, მათ შორის, იმ უმძიმეს პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისებზე პასუხისმგებლობა, რაც თანამედროვე არაბული სამყაროს თანამდევი მოვლენა გახდა. მცირე ფორმატის რომანი „ქალაქის კარიბჭეები“ მწერლის ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოებია, 1981 წელს დაიწერა და მასში „უცხოს“, „უცხოობის“ კონცეპტი ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია. ზოგადად, გაუცხოების თემა და საკუთარი თავისა და საცხოვრისი ადგილის მაძიებელი უცხო, უსასრულოდ მოხეტიალე ყარიბი მოგზაური ხურის საყვარელი ლიტერატურული გმირია, ისევე, როგორც ლიტერატურული კონვენციების სრული დარღვევით, ერთდროულად სარკაზმით, სასოწარკვეთითა და ლირიკული ნოსტალგიით სავსე მისი პოსტმოდერნული წერის სტილი (M. T. Amyuni, Khuri Ilyas. Encyclopedia of Arabic Literature, Volume 1, Edited by Julie Scott Meisami and Paul Starkey, Routledge, London and New York, 1998. pp. 447).
რომანი „ათას ერთი ღამის“ ერთი ცნობილი ნარატივის – „სპილენძის ქალაქის“ თემის პოსტმოდერნული ლიტერატურული გადამუშავებაა, რაც ავტორმა მწერლური შთაგონებით მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას – ბეირუთის სამოქალაქო ომსა და მის გამოძახილს დაუკავშირა (Sonja Mejcher, Ilyas Khuri’s Abwab AL-Madina (Gates of the City). A modern version of “The City of Brass” from Alf layla wa-layla (The 1001 Nights), literaturen im kontext, arabisch-persisch-turkisch, Priska Furrer, Verena Klemm, Angelika Neuwirth, Friederike Pannewick, Rotraud Wielandt und Renate Wursch (eds.), Vol. 23: Reflections on Reflections. Reichert Verlag Wiesbaden 2006, pp. 273-289). თავად ავტორიც ადასტურებს თავისი ნაწარმოების „ათას ერთი ღამის“ „სპილენძის ქალაქთან“ მსგავსებას, ტექსტში უხვადაა „ათას ერთი ღამის“ ალუზიები – გალავნის შვიდი კარიბჭე, ოქროსა და ვერცხლის კარებთან ყარიბი მგზავრის საცდუნებლად მომლოდინე და მოპატიჟე ლამაზი ყმაწ- ვილქალები, შიგ ქალაქში წარმოსახვითი რძის მდინარეები, მარმარილოს ცხელი აბანოები, ყვავილთა და ნელსაცხებლების სურნელება... ელიას ხურის რომანში ქალაქს სახელიც კი არა აქვს, ვერც ბეირუთის ხსენებას იპოვის მკითხველი მასში და ვერც სამოქალაქო ომისას. ის „სპილენძის ქალაქივით“ რაღაც ლაბირინთული სივრცეა რეალური სამყაროს მიღმა, ყველგანმყოფი სიკვდილის განსახიერება, სადაც წარმოსახვითისგან სრულიად განსხვავებული სინამდვილეა – თეთრი ქვის კუბო თეთრ, უკაცრიელ მოედანზე და შიგ გაქვავებული, მკვდარი მეფე შავით შემოსილი, მოტირალი შვიდი ქალით გარშემო. მოედნიდან გამავალ გზებზე თეთრი მტვერი და მოფუთფუთე მატლები...
თავისთავად, „ათას ერთი ღამის“ ზღაპარი მოულოდნელი სიკვდილით მოცულ, დაცარიელებულ, გაუკაცრიელებულ, მიუვალგალავნიან „სპილენძის ქალაქზე“ იდუმალებით მოცული ამბავია, მკითხველის ცნობისმოყვარეობას მაშინათვე რომ იპყრობს. „ათას ერთი ღამის“ მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის დაპყრობის ისტორიულ-ალეგორიული არაბული ლეგენდაა (გიორგი წერეთელი, ათას ერთი ღამის გამო. წინასიტყვაობა ათას ერთი ღამის პირველი ტომისათვის. გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1967. გვ. 6-7), ამ უკვდავი ფოლკლორული ძეგლის ნაწილად რომ